"წმინდა ეჯმიაწინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა გარკვევით უნდა უპასუხოს კითხვას, დაარღვია თუ არა გარეგინ II-მ უქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს თუ არა მას შვილი? კითხვაზე პასუხი დაუყონებლივ უნდა გაეცეს" – წერს სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
ამ საკითხზე ფაშინიანი 30 მაისიდან მოყოლებული Facebook-ზე არაერთ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ყველა სასულიერო პირმა, რომელიც დაარღვევს აღთქმას, უნდა დატოვოს საეკლესიო სამსახური.
"თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მა მართლაც დაარღვია უქორწინებლობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსი, რადგან სადავო ფაქტის არსებობის მომენტიდან, მას არ შეეძლო ყოფილიყო უქორწინებელი მღვდელი. ამას ვაცხადებ ყველას პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისადმი სრული პატივისცემით, მაგრამ ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსს არ შეიძლება ჰქონდეს ასეთი პირადი ცხოვრება. ამ საკითხს ვაყენებ, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, რადგან ვხედავ სულიერი უსაფრთხოების საკითხს, ამას ასევე ვამბობ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, რადგან ვხედავ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს. წმინდა ეჯმიაწინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა უნდა დააფიქსიროს პოზიცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც განხორციელდება საკითხის შემდგომი განმარტება" – წერს ფაშინიანი.
ერთ-ერთ Facebook პოსტში ფაშინიანი წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკას გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს პატრიარქის არჩევაში.
"სომხეთის რესპუბლიკას გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს ყოველთა სომეხთა კათალიკოსის არჩევაში. კათალიკოსის არჩევის კანდიდატებმა უნდა გაიარონ წარსულის შემოწმება. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს" – წერია პოსტში.





