ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, რუბენ ბრეკელმანსის განცხადებით, ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩინეთის ჯაშუშური მოქმედებები ძლიერდება და ძირითადად თვალთვალი ნახევარგამტარების ინდუსტრიაზე მიმდინარეობს
"ნახევარგამტარების ინდუსტრია, რომელშიც ჩვენ ტექნოლოგიურად წამყვანი ან განვითარებული ქვეყანა ვართ, რა თქმა უნდა, ამ ინტელექტუალური საკუთრების მოპოვება ჩინეთისთვის საინტერესოა". - თქვა ბრეკელმანსმა სინგაპურში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე.
მისი თქმით, ნიდერლანდებისთვის ყველაზე დიდი კიბერსაფრთხე ჩინეთიდან მოდის.
ნიდერლანდების დაზვერვის სააგენტოებმა ჩინეთის კიბერ ჯაშუშობის შესახებ გასულ წელს მაშინ განაცხადეს, როდესაც სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედმა ჩინელმა ჰაკერებმა ნიდერლანდების სამხედრო ქსელში შეაღწიეს.
სამხედრო დაზვერვის სააგენტოს მიერ გასული წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჩინელი ჯაშუშები ნახევარგამტარების, ავიაკოსმოსური და საზღვაო ინდუსტრიების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.
ბრეკელმანსის თქმით, უსაფრთხოება ნიდერლანდებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან "ჩინეთი საკუთარ ეკონომიკურად ძლიერ პოზიციას გეოპოლიტიკური მიზნებისთვის და ნიდერლანდებზე ზეწოლისთვის იყენებს".
მინისტრმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდებმა უკვე შემოიღო მექანიზმები ძირითადი ინდუსტრიებისა და სტრატეგიული ინტერესების დასაცავად, თუმცა, მისი თქმით, საჭიროა გაძლიერებული ძალისხმევა, რათა ჩინეთის კრიტიკულ ნედლეულზე დამოკიდებულება შემცირდეს.
"ევროკავშირის და ეროვნული დონეზეც, საჭიროა უფრო მტკიცე ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს დამოკიდებულებები შევამციროთ". - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინსტრმა.





