გამოცემა Wall Street Journal სამ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 19 მაისს გამართული სატელეფონო ზარისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დამთავრებისთვის არ არის მზად, რადგან პუტინს მიაჩნია, რომ ომში იმარჯვებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ ლიდერებს უკვე დიდი ხანია, მსგავსი წარმოდგენა ჰქონდათ, WSJ-ს ცნობით, მათ ტრამპის მხრიდან ეს პოზიცია პირველად მოისმინეს. ამასთანავე, აღნიშნული განცხადება წინააღმდეგობაში მოდიოდა ტრამპის მიერ ხშირად საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან, რომ მისი აზრით, პუტინს გულწრფელად სურს სამშვიდობო შეთანხმება.
თუმცა, ერთი შეხედვით ტრამპის მიერ იმის გათავისების მიუხედავად, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს, აშშ-ს პრეზიდენტი არ დგამს იმ ნაბიჯს, რაც ევროპელები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მისგან მოელიან, რაც რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებსა და პუტინზე წნეხის გაზრდას გულისხმობს.
19 მაისს პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ "საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, ახლავე ვიტყოდი." - დაწერა მან.
WSJ-ს წყაროების მიხედვით, პუტინთან ორსაათიანი ზარის გამართვამდე, 18 მაისს, ტრამპმა ევროპელ ლიდერებს დაურეკა და მათ მიანიშნა, რომ თუკი პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყოდა, მას შეეძლო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაეწესებინა. თუმცა, მომდევნო დღეს მან პოზიცია კიდევ ერთხელ შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ იგი ამ ნაბიჯის გადასადგმელად არ იყო მზად.
ტრამპმა იმავე დღეს ოვალურ ოფისში სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განმარტა, თუ რატომ არ გაზარდა მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. მისი თქმით, ამჯერად "რაღაცის მიღწევის" შანსი არსებობს, თუმცა მან სამომავლოდ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
"ჩემი აზრით, რაღაცის მიღწევის შანსი არსებობს და ამას თუ გააკეთებ, შესაძლოა, ბევრად გაუარესდეს, მაგრამ შეიძლება, მოვიდეს დრო, როცა ეს [სანქციების გაზრდა] მოხდება." - თქვა ტრამპმა.
სანქციების დაწესების სანაცვლოდ, ტრამპმა თქვა, რომ რუსეთი და უკრაინა მყისიერად გააგრძელებენ დაბალი დონის მოლაპარაკებების გამართვას ვატიკანში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის ეს პროცესი წინა დღეებში უკვე დაწყებული იყო.
რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, როგორც ცეცხლის შეწყვეტაზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია ომის შეწყვეტაზე." - დაწერა ტრამპმა პუტინთან ზარის შემდეგ.
19 მაისს ევროპელ ლიდერებთან გამართულ ზარს ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი და ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდნენ.
WSJ-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესების მხრივ ევროპელი ლიდერების დიპლომატიური ძალისხმევა ჩავარდა, მათთვის პოზიტიური იყო ის, რომ პროცესში ყველასთვის, მათ შორის, ტრამპისთვისაც, ნათელი გახდა პუტინის პოზიცია: რომ მას ამ ეტაპზე ომის დამთავრების სურვილი არ აქვს.
ამავდროულად, ევროპელებისთვის ამ დღეებმა აჩვენა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა ახლა მეტწილად მათზეა დამოკიდებული. წყაროების თქმით, ევროპელ ლიდერებს არ მიაჩნიათ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის აშშ-ს შეიარაღების მიწოდებას შეწყვეტს მანამ, სანამ ყოველივე ამისთვის საფასურს ევროპელები ან უკრაინელები გადაიხდიან.
ამას გარდა, გამოცემის წყაროების ცნობით, 19 მაისს ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერების ნაწილი ემხრობოდა იდეას, რომ ვატიკანში გამართული ნებისმიერი მოლაპარაკებების შედეგი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა იყოს, თუმცა აქაც ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ტერმინი "უპირობო" არ მოსწონს.
მისი თქმით, ეს ტერმინი არასდროს გამოუყენებია, თუმცა 8 მაისს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ს პრეზიდენტი 30-დღიანი "უპირობო" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოწოდებით გამოვიდა. გამოცემის მიხედვით, საბოლოოდ, ევროპელები დათანხმდნენ, რომ აღნიშნული ზედსართავი სახელის გამოყენებას შეწყვეტდნენ.
WSJ-ს ინფორმაციით, ვატიკანში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ივნისის შუა რიცხვებისთვის არის მოსალოდნელი. გამოცემის წყაროების მიხედვით, ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებებზე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სპეციალურ წარმომადგენელ კით კელოგს გაგზავნის.