გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო ბარიერების შემსუბუქებასა და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
"დადგა დრო, რომ წინ ვიყუროთ, დავასრულოთ ძველი პოლიტიკური დაპირისპირებები და ვიპოვოთ საღი აზრი, პრაქტიკული გამოსავლები, რომლებიც ბრიტანელი ხალხის ცხოვრებას გააუმჯობესებს". - წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი პლატფორმა X-ზე.
შეთანხმების მთავარ ნაწილს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს, რაც ბრიტანეთს უფლებას მისცემს ერთობლივ შესყიდვებში მიიღოს მონაწილეობა.
თუმცა დამატებითი შეთანხმება იქნება საჭირო, რათა ბრიტანულმა კომპანიებმა, მათ შორის, BAE-მ, Rolls Royce-მა და Babcock-მა ევროპის გადაიარაღების 150 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა.
შეთანხმების მიხედვით, ბრიტანელ საკვების მწარმოებლებს ევროკავშირის მხრიდან დაწესებული ბიუროკრატიული ბარიერები მოეხსნებათ.
შეთანხმება თევზჭერის საკითხსაც ეხება. გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის გემებს ერთმანეთის წყლებში მომდევნო 12 წლის განმავლობაში ექნებათ წვდომა. ბრიტანელ მოგზაურებს კი ევროკავშირის აეროპორტებში ელექტრონული კონტროლის სწრაფი სისტემებით სარგებლობა შეეძლებათ.
გაერთიანებულმა სამეფომ ასევე მიიღო შემოთავაზება ახალგაზრდებისთვის მიმოსვლის შეზღუდული სქემის შესახებ, რომლის დეტალები მოგვიანებით უნდა განისაზღვროს. მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკება Erasmus+-ის სტუდენტური გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.
შეთანხმების ხელმოწერა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან ერთად დღეს იგეგმება, მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეთანხმების საბოლოო დეტალები შეათანხმეს.





