ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, "ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტში უცხო ქვეყნის მოქალაქის სატვირთო ავტომობილში 56 ცალი ცოცხალი კუ და 13 ცალი თუთიყუში აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, სახეობები შეტანილია "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში.
ცხოველები და ფრინველები თბილისის ზოოპარკს საჩუქრად გადაეცა.
"მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მისაბმელსა და სალონში მოწყობილ სათავსოებში, მალულად განთავსებული, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი 56 ცალი ცოცხალი კუ და 13 ცალი თუთიყუში აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 11 000 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 % ოდენობით - 11 000 ლარით. ამასთან უცხო ქვეყნის მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა აღნიშნული საქონელი და საჩუქრად თბილისის ზოოპარკს გადაეცა" - წერია უწყების განცხადებაში.





