რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სიმ პუტინს უთხრა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით "სამართლიან" შეთანხმებას იმედოვნებს

სი ძინფინგისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში, 9 მაისი, 2025 წელი.

მედია Bloomberg-ი ჩინურ Xinhua News Agency-ზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს უკრაინის ომის "სამართლიანი" სამშვიდობო შეთანხმებით დასრულების იმედი გამოთქვა.

ციტატის მიხედვით, სიმ პუტინს უთხრა, რომ ჩინეთი იმედოვნებს "სამართლიან, ხანგრძლივ და მტკიცე სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ყველა ჩართული მხარისთვის მისაღები იქნება" და მიღწეული იქნება დიალოგის მეშვეობით. 

სის არ დაუზუსტებია თუ როგორი უნდა იყოს საბოლოო შეთანხმება, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინეთის პრეზიდენტმა შესაძლო შეთანხმების ხასიათზე პირადი შეხედულებები გამოთქვა. აქამდე, მარტში მსგავსი სიტყვები, რომ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს "სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება" სურთ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ თქვა.

2023 წლის თებევრალში ჩინეთმა წარადგინა უკრაინაში ომის დასრულების 12-პუნქტიანი გეგმა, თუმცა მისი პირობები უკრაინისთვისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო. პუნქტების მიხედვით მოსკოვს სანქციები მოეხსნებოდა და რუსეთის სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე დარჩებოდნენ.

სი ძინფინგი მოსკოვს გამარჯვების დღის აღნიშვნის ცერემონიაზე დასასწრებად ოთხი დღით ესტუმრა.

აქამდე რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთისთვის უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების გაფორმებაში დახმარების თხოვნა "ბუნებრივი" იქნებოდა.

კომენტარები