ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ იემენელ ჰუსიტებსა და ირანს პასუხს გასცემს, მას შემდეგ რაც ჰუსიტებმა ბენ გურიონის აეროპორტის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
"ჩვენ მთელი მსოფლიოს მსგავსად ჰუსიტების მუქარის ქვეშ ვართ. ამას არ მოვითმენთ და მათ ძალიან ძლიერი საპასუხო ქმედება ელოდებათ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
პრემიერმინისტრის თქმით, ჰუსიტები ირანის ბრძანებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ. "გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ირანს სათანადო გაფრთხილება მივცეთ, ასეთი ქმედებები მიუღებელია". - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ჰუსიტების ყველა გასროლა ირანის მხრიდან გასროლად ჩაითვლებოდა.
"ჰუსიტების მხრიდან ყველა გასროლა, ამ დროიდან მოყოლებული, ჩაითვლება როგორც გასროლა ირანის იარაღიდან და მათი ლიდერების მიერ. ირანი იქნება პასუხისმგებელი და მიიღებს შედეგებს, რომლებიც მძიმე იქნება". - დაწერა ტრამპმა.
ნეთანიაჰუმ პლატფორმა X-ზე ტრამპს გამოეხმაურა და დაწერა, რომ "პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია".
მისი თქმით, ისრაელი აეროპორტზე თავდასხმას მათ მიერ შერჩეულ დროსა და ადგილას უპასუხებს.
4 მაისს ირანის თავდაცვის მინისტრმა, აზიზ ნასირზადემ, განაცხადა, რომ თუკი აშშ ან ისრაელი ომს დაიწყებენ, თეირანი საპასუხო დარტყმას განახორციელებს.
"თუ ეს ომი დაიწყება აშშ-ს ან სიონისტური რეჟიმის ინიციატივით, ირანი შეუტევს მათ ინტერესებს, ბაზებსა და ძალებს, სადაც არ უნდა იყვნენ". - თქვა ნასირზადემ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში.
ჰუსიტების განცხადებით, ისინი ისრაელზე "სრული საჰაერო ბლოკადის" დაწესებას ცდილობენ და ბენ გურიონის აეროპორტის მიმართულებით რაკეტების გაშვებას გააგრძელებენ.
იემენში ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა, იაჰია სარეემ, ავიაკომპანიებს მოუწოდა, რომ ისრაელის მიმართულებით რეისები გააუქმონ.
ჰუსიტების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა 4 მაისის დილას ბენ გურიონის აეროპორტის მახლობლად დაეცა. დაშავდა 6 ადამიანი.
აფეთქება აეროპორტის მესამე ტერმინალის სიახლოვეს მართვის კოშკიდან ასეულ მეტრში მოხდა.
ისრაელის საჰაერო ძალების გამოძიების მიხედვით, რაკეტის ვერ ჩამოგდების მიზეზი სავარაუდოდ რაკეტის ჩამომგდებ მოწყობილობაში შექმნილი "ტექნიკური გაუმართაობა" იყო.
აფეთქების მიუხედავად, აეროპორტმა მუშაობა მალევე განაახლა, თუმცა შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.





