კონკლავი

ვატიკანის ცნობით, ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყება

კონკლავი, 2005 წელი

ვატიკანი აცხადებს, რომ მომდევნო პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყება.

New York Times-ის ცნობით, კონკლავის თარიღის დასადგენად ვატიკანში ათობით კარდინალი ჩავიდა. 

წესისამებრ, კონკლავის თარიღი პაპის გარდაცვალებიდან 15-დან 20 დღემდე ინტერვალში უნდა დაინიშნოს. ისტორიულად, ახალი პაპის არჩევის ცერემონიის პაპის გარდაცვალებიდან ასე გვიან გამართვას ის ფაქტი განაპირობებდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან კარდინალებს რომში ჩასვლა მოესწროთ. თუმცა დღესდღეობით ეს ჩვეულება კვლავ გამოსადეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პაპმა ფრანცისკემ უპრეცედენტოდ ბევრი კარდინალი დანიშნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

მკაცრად არის განსაზღვრული, თუ ვის შეუძლია კონკლავზე ხმის მიცემა. პაპი პავლე VI-ს მიერ 1970 წელს გამოცემული Ingravescentem Aetatem-ის მიხედვით, კონკლავზე ხმის მიცემა მხოლოდ იმ კარდინალებს შეუძლიათ, რომლებიც პაპის გარდაცვალების ან მისი გადადგომის მომენტში 80 წელზე ნაკლები ასაკის იყვნენ.

წაიკითხეთ ვრცლად კონკლავისა და სხვა კათოლიკე ეკლესიის წესების შესახებ:


21 აპრილს პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ცნობით, მისი სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა. ექიმის განმარტებით, ინსულტმა ჯერ კომა, მოგვიანებით კი გულის მძიმე უკმარისობა გამოიწვია.

პაპი ფრანცისკე სამედიცინო დაწესებულებაში 14 თებერვალს გადაიყვანეს. თავდაპირველად მას სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს. 

22 თებერვალს წმიდა საყდარმა განაცხადა, რომ უზენაესი პონტიფექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

პაპი საზოგადოებამ ბოლოს 20 აპრილს იხილა, როდესაც მან წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციულად საზოგადოებას მიმართა და სააღდგომო კურთხევა წარმოთქვა.

ვატიკანის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაკრძალავენ. გარდაცვალებამდე, გასული წლის 29 აპრილს, ფრანცისკემ თავისივე დაკრძალვის ცერემონია გაამარტივა, ხოლო ანდერძში მოითხოვა, რომ "საფლავი უნდა იყოს მიწაში: უბრალო, განსაკუთრებული ორნამენტების გარეშე, მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე".

კომენტარები