2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ეროვნული ერთობის პარტიის კანდიდატი შესაძლოა მარინ ლე პენის ნაცვლად პარტიის ახალგაზრდა პრეზიდენტი და ევროპარლამენტარი, ჟორდან ბარდელა იყოს.
ბარდელამ გამოცემა Le Parisien-თან აღნიშნა, რომ ის კანდიდატი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მარინ ლე პენს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნება, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის და მისი პარტიის რამდენიმე წევრი თანხის გაფლანგვაში სცნო დამნაშავედ.
"არანაირი ორაზროვნება არ არსებობს, რომ მარინ ლე პენი ჩემი კანდიდატია და თუ ხვალ მას არ შეეძლება მონაწილეობა, ვფიქრობ, შემეძლება იმის თქმა, რომ მე ვიქნები კანდიდატი. ამაზე უფრო ცხადი ვერ ვიქნები" – თქვა ბარდელამ.
2025 წლის მარტში საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერი, მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ სცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება 5 წლის განმავლობაში არ ექნება.
ბარდელა ულტრამემარჯვენე პარტიის პრეზიდენტი კი 2022 წელს გახდა, როდესაც ის ჯერ მხოლოდ 27 წლის იყო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც არ არის ლე პენის ოჯახის წევრი.
ბარდელამ Reuters-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ლე პენის ოჯახის მიღმა შეირჩა RN-ის ხელმძღვანელი, "მცირე კულტურულ რევოლუციაა". ეროვნული ფრონტი 1972 წელს ლე პენის მამამ, ჟან-მარი ლე პენმა დაარსა.





