იტალიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ნეაპოლთან ახლოს, საბაგირო კაბინის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უბედური შემთხვევა ნეაპოლიდან 45 კილომეტრში მდებარე მონტე ფაიტოს მთაზე მოხდა.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საწევი ბაგირი, რომელიც კაბინას იჭერდა, გაწყდა, რის შედეგადაც კაბინა მიწაზე ჩამოვარდა.
ამავდროულად, ამავე ბაგირზე მიერთებული კიდევ ერთი კაბინა, წყდომის ადგილის ქვევით, ჰაერში გაჩერდა, რომლიდანაც 16-ვე მგზავრი მაშველებმა უსაფრთხოდ გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ცუდმა ამინდმა, კერძოდ, ძლიერმა ქარმა და ნისლმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შესრულება კიდევ უფრო გაართულა.
1092-მეტრიანი საბაგირო გზა, რომელიც რესტავრაციის შემდეგ 10 აპრილს ხელახლა გაიხსნა, ნეაპოლსა და სორენტოს შორის მდებარე დასახლება კასტელამარე-დი-სტაბიაში იწყება და მთა მონტე ფაიტოზე ადის, ნეაპოლის ყურესა და ვეზუვის ვულკანს გადმოჰყურებს.