აშშ-სირია

Reuters: აშშ სირიაში განლაგებული სამხედროების რაოდენობის შემცირებას გეგმავს

აშშ სირიაში სამხედრო ძალების პოზიციების კონსოლიდირებას აპირებს, რის შედეგადაც, შესაძლოა, ქვეყანაში განლაგებული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა განახევრდეს. ინფორმაციას Reuters ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ამჟამად 2 000 ამერიკელი ჯარისკაცია რამდენიმე ბაზაზე განლაგებული. ისინი ადგილობრივ სამხედროებთან ერთად ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ ძალების აღდგენის პრევენციისთვის მუშაობენ.

ამასთან, Reuters-ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ცნობა, რომ გაერთიანების შედეგად, შესაძლოა, სირიაში მყოფი ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 1 000-მდე შემცირდეს.

კონსოლიდაციის გეგმის შესახებ ცნობა გამოცემას კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა, თუმცა, მან აღნიშნა, რომ ზუსტი რიცხვების ინფორმაცია არ აქვს და მისი აზრით, შემცირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონში განლაგებული ძალების გაძლიერებას გეგმავს.

კომენტარები