აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა UnHerd-თან ინტერვიუში თქვა, რომ დიდი შანსია, აშშ-მ და გაერთანებულმა სამეფომ ორმხრივი ვაჭრობის საკითხზე "შესანიშნავ შეთანხმებას" მიაღწიონ. ვენსმა ამ ვარაუდის მიზეზად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "სიყვარული" დაასახელა ბრიტანეთისა და სამეფო ოჯახის მიმართ.
"პრეზიდენტს ძალიან უყვარს გაერთიანებული სამეფო. მას დედოფალიც უყვარდა. მას უყვარს და პატივს სცემს მეფესაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობაა. [პრეზიდენტი ტრამპი] ბიზნესმენია და მრავალი მნიშვნელოვანი ბიზნეს-ურთიერთობა აქვს [ბრიტანეთში]". - თქვა ვენსმა.
ვიცეპრეზიდენტმა აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს კულტურული სიახლოვეც ახსენა და დაამატა, რომ "დიდი შანსია, რომ, კი, ჩვენ შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებთან იქნება თანხვედრაში".
ვენსმა ასევე თქვა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერის მთავრობასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს.
2 აპრილს ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით მსუბუქი "საპასუხო" ტარიფი გამოაცხადა. როგორც Reuters წერს, ეს აშშ-სა და ბრიტანეთს შორის მეტწილად დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობით აიხსნება.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა ჩინეთის გარდა ყველა დანარჩენ მსხვილ სავაჭრო პარტნიორს, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოს "საპასუხო" ტარიფები 90 დღით შეუჩერა, ძალაში რჩება ბრიტანულ იმპორტზე დაწესებული 10%-იანი "საბაზისო" და ბრიტანულ ფოლადსა და ავტომობილებზე დაწესებული 25%-იანი ტარიფი.
Reuters-ის ცნობით, ორივე ქვეყანა მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა, აწარმოებს. მოლაპარაკებები ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიურ საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებას ეხება, თუმცა შესაძლოა, საკვებისა და სხვა ტიპის პროდუქტებით ვაჭრობის სფეროზეც გაფართოვდეს.





