სანქციები ივანიშვილის რეჟიმს

ბრიტანეთის საელჩო: სანქციების მიზეზი ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები გახდა

ბრიტანეთის საელჩო განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ოთხი თანამდებობის პირის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის გამოცხადების მიზეზი 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის ფაქტები გახდა.

"დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც სანქციები დაუწესა საქართველოს გენერალურ პროკურორს. ასევე საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, რომელმაც ძირფესვიანად არ გამოიძია მომიტინგეების დარბევის ფაქტები.

გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად, დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი თანამდებობის პირის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გამოაცხადა, აღნიშნული პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ.

სანქციები მათ შორის დაუწესდათ საქართველოს გენერალურ პროკურორს და საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ვინაიდან მათ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზედმიწევნით არ გამოიძიეს სერიოზული ძალადობის ფაქტები.

გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებიც გამოწვეული იყო საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ქმედებებით. საპასუხოდ, ხელისუფლებამ დაიწყო აქციების აგრესიული დარბევა, თავდასხმები და თვითნებური დაკავებები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

დღევანდელი განცხადება 2024 წლის დეკემბერში გამოცხადებული სანქციების გაგრძელებაა, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფოს ადამიანის უფლებათა დაცვის რეგულაციების შესაბამისად საქართველოს თანამდებობის ხუთ პირს დაუწესა, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობისთვის.

ჩვენი ქმედებები თანხვედრაშია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საერთაშორისო საქმიანობასთან, რომლის მიზანია დაიცვას ადამიანის უფლებები რათა შემცირდეს გლობალური არასტაბილური გარემო და მოხდეს საფრთხეების არიდება გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად - ეს პრემიერ მინისტრის "ცვლილებების გეგმის" ფუნდამენტური ნაწილია". - წერია განცხადებაში.

საელჩო ასევე აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლემის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას მანამ, სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას.

"მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად ქართული ოცნების მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.

დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა". - თქვა ლემიმ.

ცნობისთვის, დღეს, 10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალური სიაში ივანიშვილს რეჟიმის კიდევ ოთხი წარმომადგენელი შეიყვანა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, გდდ-ს უფროსის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" მოადგილე მირზა კეზევაძე და გომელაურის მოადგილე შალვა ბედოიძე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაასანქცირეს.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია "2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო აქტის" საფუძველზე და ითვალისწინებს ფინანსური სანქციების დაკისრებას.

აღნიშნული სანქციები გულისხმობს ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვას იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ან მონაწილეობენ სერიოზულ კორუფციაში.

კომენტარები