ტრამპის ტარიფები

ტრამპის საპასუხოდ ჩინეთი ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფებს 84%-მდე გაზრდის

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი

აშშ-სთან სატარიფო ომის გაუარესების ფონზე, ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ამერიკულ იმპორტზე ტარიფებს 84%-მდე გაზრდის.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ტარიფების კომისიის სამსახურმა განაცხადა, რომ ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები 34%-დან 84%-მდე 10 აპრილიდან გაიზრდება.

ცნობისთვის, 9 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინურ იმპორტზე ტარიფები 104%-მდე გაიზარდა, ხოლო მანამდე ჩინეთმა პირობა დადო, რომ სავაჭრო ომში აშშ-სთან "ბოლომდე იბრძოლებს".

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე დაწესებულმა ტარიფებმა როგორც აშშ-ს, ისე გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. 

ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს დაუწესდა, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე, რომლებიც ძალაში 9 აპრილიდან შევიდა.

ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 34%-იანი ტარიფების გამოცხადების შემდეგ, ჩინეთმა საპასუხოდ ამერიკულ იმპორტზე ასევე 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა. აღნიშნული ნაბიჯის გამო კი ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფით დაემუქრა, თუკი ჩინეთი 34%-იან ტარიფს არ გააუქმებდა, რაზეც ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ტარიფების კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაშიც, ჩინეთი "ბოლომდე იბრძოლებს".

შესაბამისად, 8 აპრილს აშშ-ს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ტრამპის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ დაანონსებული 104%-იანი ტარიფები მომდევნო დღეს, ღამის 12:01 საათზე, შევიდოდა ძალაში.

კომენტარები