ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტრამპს 1798 წლის აქტით დეპორტაციების გაგრძელების ნება დართო

Mark Wilson / Getty Images

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა ფედერალური მოსამართლის, ჯეიმზ ბოუსბერგის განკარგულება, რომლითაც მან ტრამპის ადმინისტრაციას დეპორტირებული ვენესუელელი მიგრანტების ორი რეისის შემობრუნება უბრძანა

უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც აშშ-ს პრეზიდენტს 1798 წლის "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში ვენესუელური ბანდის, Tren de Aragua-ს დაახლოებით 250 სავარაუდო წევრის დეპორტაცია დაუშალა.

სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში დეპორტირებულ პირებს სამართლიანი სასამართლოს უფლება აქვთ და გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება უნდა ჰქონდეთ, თუმცა ეს ტეხასის შტატში უნდა მოხდეს, სადაც ისინი დაკავებულები არიან.

სასამრთლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ "საპირისპირო მოსაზრებების რიტორიკის მიუხედავად", უზენაესი სასამართლოს დასკვნა ადგენს, "რომ "უცხო მტრების აქტის ფარგლებში გაძევების ბრძანებას დაქვემდებარებული დაკავებულ პირებს აქვთ უფლება, რომ შეტყობინებულები იყვნენ და მათი გაძევების გასაჩივრების საშუალება მიეცეთ". 

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაკავებულებმა "ამ ბრძანების თარიღის შემდეგ უნდა მიიღონ შეტყობინება, რომ აქტის ფარგლებში გაძევებას ექვემდებარებიან. ეს შეტყობინება უნდა გაიცეს გონივრული ვადის ფარგლებში და იმგვარად, რომ მათ რეალურად შეეძლოთ შესაბამის ადგილას habeas corpus-ის სამართლებრივი დაცვის საშუალება გამოიყენონ, სანამ გაძევება მოხდება".

ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ Truth Social-ზე შეაქო და დაწერა, რომ "ამერიკაში სამართლისთვის დიდი დღე დადგა".

"უზენაესმა სასამართლომ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაიცვა და პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს, ნება დართო, რომ ჩვენი საზღვრები, ოჯახები და თავად ქვეყანა დაიცვას". - დაწერა ტრამპმა. 

4 მოსამართლეს შორის, რომლებმაც საპირისპირო აზრი წარადგინეს, ერთ-ერთი კონსერვატორი მოსამართლე, ემი კონი ბარეტი იყო. 

მანამდე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-დან ვენესუელური დაჯგუფების წევრების დეპორტაცია მოხდა, მიუხედავად მოსამართლის გადაწყვეტილებისა, რომელიც ამას კრძალავდა.

მოგვიანებით, აშშ-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ "ზედმეტად ნელი" იყო ფედერალური რაიონული მოსამართლე, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაციას დეპორტირებული ვენესუელელი მიგრანტების ორი რეისის შემობრუნება უბრძანა.

სალვადორის პრეზიდენტის, ნაიბ ბუკელეს თქმით, 238 დეპორტირებული "ტერორიზმის შეკავების ცენტრში" ერთწლიანი პატიმრობისთვის იქნება გადაყვანილი, რომელიც შესაძლოა გახანგრძლივდეს.

მომხდართან დაკავშირებით 17 მარტს ამერიკულმა გამოცემა Axios-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, 5 მარტს გამოცემული სასამართლო განკარგულება უგულებელყვეს, რომელიც ადმინისტრაციას ორი თვითმფრინავის შემობრუნებას ავალდებულებდა, რომელსაც, სავარაუდოდ, ვენესუელელი ბანდის წევრები გადაჰყავდა.

გამოცემასთან ორმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ განკარგულების გამოცემის დროს თვითმფრინავები უკვე საერთაშორისო წყლების თავზე იმყოფებოდა, შესაბამისად, წესები მათზე აღარ ვრცელდებოდა.

Axios წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ დაემორჩილოს ფედერალური მოსამართლის ბრძანებას, უკიდურესად იშვიათი და ძალზე საკამათო გადაწყვეტილებაა.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპს მოსამართლის ბრძანება არ დაურღვევია, რადგან განკარგულება ზედმეტად გვიან გამოიცა იმისთვის, რომ თვითმფრინავებს კურსი შეეცვალა: "ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ აქტიურად არ ვუპირისპირდებით სასამართლოს გადაწყვეტილებებს". - დაამატა მან.

ტრამპის მრჩევლების მტკიცებით, ფედერალურმა რაიონულმა მოსამართლემ ჯეიმზ ბოუსბერგმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც განკარგულება გამოსცა, რომელმაც 1798 წლის "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში პრეზიდენტს დაახლოებით 250 სავარაუდო Tren de Aragua ბანდის წევრების დეპორტაცია დაუშალა.

ომის პერიოდის დროინდელი კანონი აღმასრულებელ შტოს უკიდურესად დიდ ძალაუფლებას ანიჭებს, რათა მოქალაქეობის არმქონე პირებს დეპორტაცია სასამართლო პროცესის გარეშე მოუწყოს. თუმცა, აღნიშნული კანონი იშვიათად იყო გამოყენებული, განსაკუთრებით მშვიდობიან პერიოდში.

ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ ტრამპმა საჯაროდ მოითხოვა ფედერალური სასამართლოს მოსამართლის, ჯეიმს ბოუსბერგის იმპიჩმენტი, რის გამოც მოგვიანებით პრეზიდენტ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა გააკრიტიკა.

"ორ საუკუნეზე მეტია, რაც დამკვიდრდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაზე არდათანხმების შემთხვევაში იმპიჩმენტი სათანადო რეაქცია  არ არის. ამ მიზეზით არსებობს ნორმალური სააპელაციო განხილვის პროცესი". – დაწერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჯონ რობერტსმა. 

კომენტარები