ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი მზად არის დაიწყოს აშშ-სთან მოლაპარაკებები და შესთავაზოს სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმება.
"ეს ტარიფები პირველ რიგში, უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული ამერიკელი მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ, ამავდროულად მათ დიდი გავლენა აქვთ გლობალურ ეკონომიკაზე" – ამბობს ფონ დერ ლაიენი ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.





