ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

IDF აღიარებს, რომ ღაზაში სასწრაფოებისთვის ცეცხლის გახსნაზე პირველადი ცნობები არასწორი იყო

Palestinian Red Crescent/AFP

ისრაელის თავდაცვის ძალებმა 5 აპრილს აღიარა, რომ მარტის თვეში სამხრეთ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მათ მიერ გავრცელებული პირველადი ინფორმაცია არასწორი იყო. 

გამოცემა Times of Israel წერს, რომ ინციდენტის დროს ისრაელელმა სამხედროებმა პალესტინური სასწრაფო დახმარების მანქანების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა 14 ან 15 მედიკოსი, რომელთა ცხედრებიც მოგვიანებით მასობრივ საფლავში იპოვეს.

შაბათს IDF-მა ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით პირველადი ცნობები გამოაქვეყნა და დაამატა, რომ მომხდარზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ისრაელის არმიის შეფასებით, მოკლულებს შორის, სულ მცირე, ექვსი პირი ჰამასის მებრძოლად სიკვდილის შემდეგ იქნა ამოცნობილი. ამასთანავე, არმიამ უარყო, რომ დაღუპულებს შორის რომელიმე სიკვდილით იყო დასჯილი და განაცხადა, რომ ჯარისკაცებს ინციდენტის დამალვა არ უცდიათ, არამედ მათ გაეროს საფლავების შესახებ აცნობეს.

Times of Israel-ის ინფორმაციით, მედიაში ინციდენტის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, ისრაელის არმიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ მანქანებს ფარები ან სასწრაფოს ნათურები გამორთული ჰქონდათ, არაკოორდინირებულად გადაადგილდებოდნენ და ინციდენტის ადგილზე ტერორისტი მებრძოლების დაჯგუფების შემდეგ გამოჩნდნენ. IDF-ის მიხედვით, აქედან გამომდინარე სამხედროებმა ისინი "საეჭვოდ" ჩათვალეს და ცეცხლი გახსნეს.

თუმცა, შაბათ დღესვე New York Times-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ სასწრაფოს მანქანებს შესაბამისი მარკირება ჰქონდათ და მათი ნათურები ჩართული იყო, როდესაც IDF-მა ცეცხლი გახსნა. გაეროს მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 15 მედიკოსი დაიღუპა, ხოლო არმიის თქმით, დაიღუპა 14 ადამიანი, ხოლო ერთი გადარჩა.

არმიის მონაცემებით, ინციდენტი 23 მარტს დაიწყო, როდესაც ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება მიმდინარეობდა. ისრაელელმა სამხედროებმა დაახლოებით დილის 4 საათზე თელ ელ-სულთანში გზის მახლობლად ჩასაფრება მოაწყვეს. ამ პერიოდში, არმიის თქმით, რამდენიმე სასწრაფომ და სამოქალაქო პირმა გზის მონაკვეთი უპრობლემოდ გაიარა.

IDF-ის მიხედვით, დაახლოებით 4:30 საათზე გზაზე ჰამასის საპატრულო პოლიციამ გაიარა, რასაც ისრაელელ სამხედროებთან ორმხრივი შეტაკება მოჰყვა. შედეგად, სამხედროებმა მანქანაში ერთი მებრძოლი მოკლეს, ორიც ტყვედ აიყვანეს, ხოლო ჰამასის მანქანა გზის პირზე დარჩა. 

ისრაელის არმიის განცხადების მიხედვით, დილის 6 საათისთვის გზაზე სასწრაფო მანქანების კოლონამ გაიარა და IDF-ის სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რადგან მანქანები საფრთხედ აღიქვეს. IDF-ის განცხადებით, ცეცხლის გახსნამდე დრონების ოპერატორებმა, სამხედროებს აცნობეს, რომ მანქანები მათი მიმართულებით საეჭვოდ გადაადგილდებოდნენ.

არმიის თავდაპირველი გამოძიება ამტკიცებდა, რომ სამხედროებისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც კოლონა გზაზე, ჰამასის მანქანის გვერდით, გაჩერდა, ხოლო რამდენიმე "ეჭვმიტანილი" მანქანებიდან გადმოვიდა და სირბილი დაიწყო. IDF-ის თქმით, სამხედროებმა არ იცოდნენ, რომ ეჭვმიტანილები სინამდვილეში უიარაღო მედიკოსები იყვნენ.

IDF-მა მოგვიანებით აღიარა, რომ თავდაპირველი განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ სასწრაფო მანქანებს ნათურები გამორთული ჰქონდა, მცდარი იყო და აღნიშნა, რომ აღნიშნული მცდარი განცხადება ინციდენტში ჩართული სამხედროების ჩვენებას ეყრდნობოდა.

Times of Israel-ის ცნობით, IDF-ის ახალი გამოძიება აღნიშნულ შეუსაბამობას იძიებს. ამასთანავე, ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ დაზვერვის მაღალჩინოსნებმა დაღუპულებს შორის, სულ მცირე, ექვსი ჰამასის მებრძოლი ამოიცნეს. გამოძიების პირველადი დასკვნებით, არმიამ ასევე უარყო ბრალდებები, რომ სამხედროებმა მედიკოსები ახლო მანძილიდან მიზანმიმართულად მოკლეს.

კომენტარები