აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, "რაღაც მომენტში" მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE), რომელსაც მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი ხელმძღვანელობს, გაუქმდება.
"მას დიდი კომპანია აქვს, რომელიც უნდა მართოს. ასე რომ, რაღაც მომენტში ის მას დაუბრუნდება.
[მასკს] დავიტოვებ, სანამ ეს შესაძლებელია. ის ძალიან ნიჭიერი კაცია და როგორც იცით, მე მიყვარს ჭკვიანი ადამიანები და ის ჭკვიანია, კარგი საქმე გააკეთა". - თქვა ტრამპმა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორზე.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, "რაღაც დროს, ილონს საკუთარ კომპანიაში დაბრუნება ენდომება".
როდესაც ტრამპს ჰკითხეს იმის შესახებ, გააგრძელებდა თუ არა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მასკის გარეშე მუშაობას, მან განაცხადა, რომ აღნიშნული ფედერალური სააგენტოს სხვა უფროსებმა "ძალიან ბევრი ისწავლეს", თუ როგორ შეასრულონ სამუშაო თვითონ და რამდენიმეს ენდომება, რომ დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქმიანობა განაგრძონ.
"როგორც იცით, რაღაც მომენტში, ვფიქრობ, ის გაუქმდება. იქნება დრო, როდესაც მდივნებს ამ სამუშაოს შესრულება შეეძლებათ, როგორც ვამბობთ ხოლმე, სკალპელით. ეს ის არის, რაც ჩვენ გვინდა". - თქვა ტრამპმა.
"სკალპელში" ტრამპი გულისხმობს DOGE-ის სტრატეგიას ფედერალური მთავრობიდან თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლების შესახებ.
7 მარტს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო მდივნები და მასკი ესწრებოდნენ, ტრამპმა მიანიშნა, რომ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, შესაძლოა, ფედერალურ თანამშრომლებს ზედმეტად განურჩევლად ათავისუფლებდეს.
შეხვედრის დასრულებისთანავე, ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა: "როდესაც მინისტრები გაეცნობიან და უკეთ გაიგებენ, ვინ მუშაობს სხვადასხვა უწყებაში, მათ ზუსტად ეცოდინებათ, ვინ დარჩება და ვინ უნდა წავიდეს. ჩვენ ვიყენებთ 'სკალპელს' და არა 'ნაჯახს'".
ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის სპეციალური თანამშრომლის სტატუსით მსახურობს.
იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, მთავრობის სპეციალური თანამშრომელი "ნებისმიერი პირია, რომელიც მთავრობისთვის 365 დღის პერიოდში 130-ზე ნაკლები დღის განმავლობაში მუშაობს ან იმუშავებს".
როგორც CNN ადრე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, მასკი ამ საქმიანობისთვის ანაზღაურებას არ იღებს.





