ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელმა ღაზის სექტორში რაფას ევაკუაციის ბრძანება გასცა

სამხედრო თვითმფრინავი ღაზის სექტორში, რაფასა და ხან იუნისის თავზე, ჰუმანიტარულ დახმარებას ყრის, 27 თებერვალი, 2024
Said Khatib/AFP/Getty Images

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ქალაქ რაფას ევაკუაციის ბრძანება გასცა. შესაძლოა, შედეგად ისრაელმა ქალაქში მორიგი სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს.

მარტის დასაწყისში ისრაელმა ღაზაში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციები განაახლა. ამავდროულად, ისრაელმა შეწყვიტა საკვების, ნავთობისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის, რათა ჰამასი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში შეტანილ ცვლილებებს. ასევე, ისრაელი მოითხოვს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას. 

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ჰამასის ტყვეობიდან ათეულობით ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა, თუმცა შეთანხმება 1-ელ მარტს დამთავრდა.

ამის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დამატებით თითქმის ორ-ნახევარი კვირის განმავლობაში რჩებოდა ძალაში, რის პარალელურადაც მედიატორები ზავის გახანგრძლივებაზე მუშაობდნენ.

ისრაელის მხარე ითხოვდა, რომ შესაძლო ზავის გახანგრძლივების ფარგლებში ჰამასს დარჩენილი ისრაელელი მძევლებიც გაეთავისუფლებინა პალესტინელი პატიმრებისა და დაკავებული პირების გამოშვების სანაცვლოდ. 

თუმცა, ჰამასი თავდაპირველად დადებული შეთანხმების პირობების შენარჩუნებას ცდილობდა, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში მეორე ფაზაში შესვლას გულისხმობდა, რის ფარგლებშიც ისრაელი სრულად უნდა გამოსულიყო, ხოლო ღაზაში დანარჩენი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის სამუდამო დამთავრებაზე უნდა დათანხმებულიყო.

ისრაელმა თავდაპირველ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა ნეთანიაჰუ დიდი ხანია ამბობს, რომ ისრაელი ომს არ დაამთავრებს, სანამ ჰამასის მმართველობითი და სამხედრო უნარები განადგურებული არ იქნება. ბოლო არსებული მონაცემების მიხედვით, ჰამასის ტყვეობაში კიდევ 24 ისრაელელი მძევალია ცოცხალი.

კომენტარები