MEGOBARI აქტი

სამადაშვილი MEGOBARI აქტზე: ივანიშვილის რეჟიმისთვის ახალ რეალობას ნიშნავს

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, სალომე სამადაშვილი აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის მიერ MEGOBARI აქტის მიღებას გამოეხმაურა. სამადაშვილის თქმით, ეს აქტი ქართული ოცნებისთვის საგარეო ფრონტზე მორიგი კრახია და მისივე განცხადებით, ეს ივანიშვილის რეჟიმისთვის ახალ რეალობას ნიშნავს.

"მსურს, ვისაუბრო ძალიან დიდ გამარჯვებაზე, რომელიც გუშინ, თავისუფლებისთვის, ქართველი ხალხის შეუპვარმა ბრძოლამ საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა, როცა აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტმა MEGOBARI აქტის დასამტკიცებლად პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და ეს აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამასთან ერთად, ეს გამარჯვება საგარეო ფრონტზე რუსული რეჟიმის კიდევ ერთი დიდი კრახია. ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმს ძალისხმევა არ დაუშურებია იმისთვის, რომ ამ აქტის მიღების პროცესში პროგრესი არ მომხდარიყო, მაგრამ მათ ვერაფრით შეძლეს, რომ შეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრების სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის და ფაქტობრივად, ამ აქტის მიღება ივანიშვილის რეჟიმისთვის ახალ რეალობას ნიშნავს. 

მე ამას საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრობისა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის აქტს დავარქმევდი [...] მინდა, ქართველ ხალხს ვუთხრა: პირველ რიგში, ეს გზავნილია თქვენთვის, რომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ [...] აშშ-ს სენატის გუშინდელი გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა იყოს, რომ ჩვენ ბრძოლას შედეგი აქვს და ჩვენ შეუპოვარი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ". - თქვა სამადაშვილმა.

სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა MEGOBARI აქტი, რომელსაც ძალაში შესასვლელად ამერიკის საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უნდა უყაროს. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.

კომენტარები