თურქეთიდან გააძევეს BBC-ის ჟურნალისტი, მარკ ლოუენი, რომელიც სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შედეგად გამოწვეულ საპროტესტო აქციებს აშუქებდა. გაძევების მიზეზად სახელდება, რომ ლოუენი "საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისთვის".
მომხდარს გამოეხმაურა BBC News-ის ხელმძღვანელი, დებორა თერნესი და აღნიშნა, რომ მედია ჟურნალისტის დეპორტაციის საკითხს თურქეთის ხელისუფლებასთან დააყენებს. გაძევებამდე, ლოუენი, რომელიც თურქეთში 5 წლის მანძილზე ცხოვრობს, თურქეთის პოლიციის მიერ 17 საათის მანძილზე იყო დაკავებული.
პარალელურად, თურქეთის მედიის ზედამხედველობის უწყებამ, "რადიოსა და ტელევიზიის უზენაესმა საბჭომ (RTUK) იმამოღლუს დაპატიმრების გაშუქებასთან დაკავშირებით ოთხი ოპოზიციური მედია დააჯარიმა. ერთ-ერთ ტელევიზიას, SZC TV-ს მაუწყებლობა 10 დღით შეუჩერდა.
კვირას, თურქეთის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა მიუსაჯა. სტამბოლის მერი კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავეს.
იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში შეკრებაზე ბევრ ქალაქში აკრძალვა ამოქმედდა, ანტისამთავრობო დემონსტრაციები გუშინ, მეხუთე ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუსთვის პატიმრობის შეფარდებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებზე თურქეთში 1 900-მდე დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს.
დაკავებულთა შორის ცხრა ჟურნალისტია, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ. იერლიკაიას მიხედვით, საპროტესტო აქციების დროს 123 პოლიციის თანამშრომელი დაშავდა.