აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქართველოს მთავრობას ივანშვილის განცხადებას ახსენებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ სოხუმის აეროპორტში რუსული ფრენების უკანონობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოს პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებების ფონზე აფხაზეთი პრაგმატული ურთიერთქმედების ზრდას ელოდა.

"ბოლო განცხადებების ფონზე, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას გამოხატავენ, მათ შორის მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების, რომელმაც აღნიშნა, რომ "საქართველოს 2008 წლის გამო ოსური მხარის წინაშე ბოდიშის მოხდა და ყოფილი მმართველი პარტიის დასჯა მოუწევს", აფხაზეთის რესპუბლიკა პრაგმატული ურთიერთქმედების ზრდას ელოდა, რომელიც ამიერკავკასიაში ჩამოყალიბებული რეალობების აღიარებას დაეფუძნებოდა". - წერია განცხადებაში.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს ხელმძღვანელობის ბოლო გამოხდომები არის მცდელობა, ხელი შეუშალოს შეუქცევად პროცესებს.

"ურთიერთობების დარეგულირებისკენ მიმართული პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს შაბლონური, პოლიტიკურად მიკერძოებული და არარეალისტური განცხადებების გაკეთებას, რომლებიც უკვე მოსაწყენი გახდა და მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის". - აცხადებს უწყება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე, გააფორმოს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ძალის არ გამოყენების შესახებ და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი, რომელიც გაითვალისწინებს პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობებს, რომლებიც 1992-1993 და 2008 წლების კონფლიქტების შემდეგ ჩამოყალიბდა". 

კომენტარები