გენდერული თანასწორობა

39.5% თვლის - კაცმა ცოლის სოც. ქსელების პაროლი უნდა იცოდეს - კვლევა გენდერულ თანასწორობაზე

კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში - საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება 2024

2024 წლის კვლევა IMAGES: კაცები, ქალები და გენდერული თანასწორობა საქართველოში, (რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივითა და შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება) საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების მხრივ არსებულ წარმოდგენებსა და განწყობებს ასახავს

ეს კვლევა საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა. 

2024 წლის კვლევის თანახმად, ქალების 16.6% და კაცების 22.2% თვლის, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა ოჯახის შესანარჩუნებლად. 2019 წელს ეს მაჩვენებელი ქალებისთვის - 10.1%, ხოლო კაცებისთვის 17.8% იყო.

2024 წელს 2019 წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა და 43.5% გახდა იმ კაცების მაჩვენებელი, რომლებიც თვლიან, რომ ცოლს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ქმარს უარი უთხრას სექსზე

ამასთან, მოსაზრებას, რომ კაცმა აუცილებლად უნდა იცოდეს მეუღლის/პარტნიორის მობილურის და სოციალური ქსელის პაროლები, ეთანხმება მოსახლეობის 39.5%.

კაცების 20.2% (2019 - 32.9%) ფიქრობს, რომ ზოგ შემთხვევაში ქალებს უნდათ, რომ გააუპატიურონ. ამდენივეს აზრით, თუ ქალს აუპატიურებენ, ე.ი. მან რაღაც ისეთი გააკეთა, რომ თავი ამ მდგომარეობაში ჩაიგდო. 35.1%-ის აზრით, თუ ქალი ფიზიკურად არ ეწინააღმდეგება კაცს, ფაქტი გაუპატიურებად ვერ ჩაითვლება. კაცების 17.1%- ის აზრით კი, ფაქტი გაუპატიურებად ვერ შეფასდება, თუ ქალი ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონეა.

2024 წლის კვლევების თანახმად, ახალგაზრდა თაობა (35 წლამდე), ქალები და დასაქმებულები უფრო მეტად ემხრობიან თანასწორობის პრინციპებს და მხარს უჭერენ სახელფასო სხვაობის აღმოფხვრასა და მოვალეობების თანაბარ განაწილებას როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამოკითხულთა 57.5% მიიჩნევს, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. 62% ფიქრობს, რომ ქალების აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. 

"კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში - საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება" კვლევის თანახმად, 10-დან 6 ქალი ამბობს, რომ ბავშვის მოვლა ძირითადად მათი მოვალეობაა, რასაც კაცების ნახევარი ადასტურებს. ხოლო ქალებისა და კაცების დაახლოებით 40% ამბობს, რომ  ბავშვზე ზრუნვის საკითხები პარტნიორებს შორის განაწილებულია.

კაცების უმრავლესობა (69%) და ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი (47%) მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბოლო სიტყვა კაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ქალი ამ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს. 2019 წელს ჩატარებული კვლევით, ამ მოსაზრებას ნაკლებად ეთანხმებოდნენ როგორც კაცები (68%), ისე ქალები (34%).

ამავე კვლევით, 2019 წელთან შედარებით, ქალები ბიზნესში ლიდერობას მეტი თავდაჯერებულობით უყურებენ. 2019 წელს, ქალების 56% თვლიდა, რომ კაცების მსგავსად, შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ბიზნესში, ხოლო 2024 წელს, ეს მონაცემი 62%-მდე გაიზარდა. კაცების შემთხვევაში პირიქით, ამ დებულების მხარდაჭერა 54%-იდან 44%-მდე შემცირდა. ასევე გაიზარდა იმ კაცების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ბიზნესში კაცი უკეთესი ლიდერია.

კომენტარები