გამოცემა Bloomberg-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ითხოვს, რომ აშშ-ს მხრიდან შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს ამერიკამ უკრაინას ყოველგვარი სამხედრო დახმარების მიწოდება შეუჩეროს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Bloomberg ევროპელ მაღალჩინოსანსა და მოსკოვში რუსეთის პოზიციაზე ინფორმირებულ სამ პირზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა, რომელიც ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, წინა კვირაში შეხვდა, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მისაღწევად წინაპირობად უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეჩერება დაასახელა.
გამოცემის წყაროების თქმით, კრემლში სურთ, რომ უკრაინისთვის ყველა სახის სამხედრო დახმარების მიწოდება შეჩერდეს, თუმცა მინიმალური მოთხოვნა, სულ მცირე, აშშ-ს დახმარების შეჩერებაა.
ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ევროპას უკიდურესად არ სურს, დაეთანხმოს რუსეთის მოთხოვნას, რომ ზავის შემთხვევაში მოკავშირეებმა უკრაინას შეიარაღება აღარ მიაწოდონ. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ჩნდება რისკი, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შემდეგ რუსეთი ხელახლა შეიარაღებას შეძლებს, ხოლო უკრაინას ამის შესაძლებლობა აღარ ექნება.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის მოსალოდნელი სატელეფონო ზარის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს, თბილისის დროით 17:00 -19:00 დროის შუალედში, შედგება.
ბრიტანეთის პრემიერმა ტრამპს უთხრა, რომ უკრაინა უნდა იყოს "ყველაზე ძლიერ შესაძლო პოზიციაზე", რათა რუსეთთან ომში "სამართლიანი და გრძელვადიანი" მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი.
ამას გარდა, გამოცემა Financial Times წერს, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, სატელეფონო საუბრის გამართვამდე ერთი დღით ადრე დასავლურ აქტივების მმართველებსა და საინვესტიციო ფონდებს რუსული ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ნება დართო.
აღნიშნული აქტივების ბედი გაურკვევლობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანად შეიჭრა.
ცნობისთვის, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, პუტინმა დეკრეტი გამოსცა, რომლითაც საერთაშორისო ინვესტორებს რუსული ბანკებისა და ენერგეტიკის კომპანიების წილებითა და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა აუკრძალა. ხოლო ნებისმიერი მსგავსი ტრანზაქციისთვის რუსეთის მთავრობის მხრიდან თანხმობა გახდა სავალდებულო.
აქამდე, დასავლელი ინვესტორები, რომლებიც ისეთი რუსული კომპანიების აქციებს ფლობენ, როგორებიცაა Norilsk Nickel, VTB Bank და Rosneft, თვლიდნენ, რომ გაყიდვაზე არსებული შეზღუდვებისა და რუსეთზე სანქციების გავლენიდან გამომდინარე მათ წილებს ღირებულება აღარ ჰქონდა.