11 მარტს ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ცხრა ქვეყნის ელჩის, მათ შორის საქართველოს, რწმუნებათა სიგელები მიიღო და სიტყვით გამოვიდა. საუბრის დროს ის შეეხო საქართველოსაც და თქვა, რომ მხარს უჭერს ქართული ოცნების ნაბიჯებს.
ლუკაშენკოს თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ბელარუსის მიდგომებს შეესაბამება. მისივე თქმით, არსებობს საფუძველი, რომ ბელარუსსა და საქართველოს შორის სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აღდგეს.
"ჩვენ კარგად, ძალიან კარგად ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნაბიჯებს საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აღდგენაში. ეს ჩვენს მიდგომებს შეესაბამება და საქართველოში უნდა მოიქცეთ ისე, როგორც იქცევით, ყველაფერი ისე, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია. ბელარუსებისა და ქართველების მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციები, ისტორიის საერთო გვერდები მტკიცე საფუძველს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნების სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის აღსადგენად. კარგად იცით, რომ ჩვენი კარები თქვენთვის მუდამ იყო და არის ღია. საქართველოსთან ჩვენ აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ გვაქვს." – თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს სიტყვით გამოსვლას ესწრებოდნენ ახალდანიშნული ელჩები, მათ შორის გიორგი საგანელიძე, რომელმაც ბელარუსულ მედიასთან კომენტარიც გააკეთა. როგორც სამთავრობო მედია ბელტა ციტირებს, საგანელიძემ თქვა, რომ მოვალეობის შესრულებას "საუკეთესო განწყობით" იწყებს.
საგანელიძე 2023 წლის სექტემბრიდან ბელარუსში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო.
საგანელიძე ამბობს, რომ საჭიროა ქართველი და ბელარუსი ხალხის დაახლოება.
"არსებობს ურთიერთგაგება, რომ უნდა დავაახლოოთ ჩვენი ერები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ძალიან დადებითად არიან განწყობილი, უნდა განვითარდეს თანამშრომლობა. ჩვენ გვესმის, რომ რთული დროებაა. შესაბამისად, უნდა ვიპოვოთ შეხების წერტილები და განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები იმ მიმართულებებით, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ვფიქრობ, ჩვენ ეს გამოგვივა." - თქვა ბელარუსულ მედიასთან ელჩმა.
ბელარუსმა სამთავრობო ჟურნალისტებმა საგანელიძეს დაუსვეს კითხვა მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობის ძველ დონეზე დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ, რაზეც მან უპასუხა: "საჭიროა გამოსავლის ძებნა. მთავარია ჩვენს ქვეყნებში, ჩვენს რეგიონებში მშვიდობა იყოს. დანარჩენი კი, იმედი მაქვს, უკეთესობისკენ წავა".
საგანელიძის თქმით, თუ "ორი ან მეტი მხარის სურვილი არსებობს", საჭიროა ურთიერთობების განვითარება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ბელარუსთან მჭიდრო დიალოგის დამყარების სურვილი გააჩნია.
"რა თქმა უნდა. ეს ორმხრივი მოძრაობაა. ნებისმიერ ურთიერთობაში ასეა - საჭიროა ურთიერთობის განვითარება, თუ არსებობს ორი ან მეტი მხარის სურვილი. ბელარუსის ხელისუფლებასაც და საქართველოს ხელისუფლებასაც ასეთი სურვილი გააჩნია. ვფიქრობ, რომ ძლიერ მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოვა." - უპასუხა საგანელიძემ კითხვას, ხედავენ თუ არა საქართველოში ბელარუსის მხრიდან უფრო მჭიდრო დიალოგის დამყარების სურვილს." - თქვა ელჩმა.