ტრამპის ტარიფები

ლუტნიკი: ტრამპი კანადისა და მექსიკის პროდუქციის დიდ ნაწილზე ტარიფებს 1 თვით გადაავადებს

6 მარტს, ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა თქვა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადასა და მექსიკის ყველა იმ საქონლისა და მომსახურებისთვის, რომლებიც შედის USMCA-ს სავაჭრო შეთანხმებაში, სავარაუდოდ, 25%-იანი ტარიფების მოქმედებას გადადებს.  

ლუტნიკმა CNBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ტრამპი ხუთშაბათს განსაზღვრავს ერთთვიანი გამონაკლისის დეტალებს და განაცხადა, რომ "დიდი ალბათობით, ის ყველა USMCA-ს შესაბამის საქონელსა და მომსახურებას შეეხება“.  

"თუ თქვენ ცხოვრობდით დონალდ ტრამპის USMCA-ის შეთანხმების პირობებში, ტარიფებისგან დროებით გათავისუფლდებით. მაგრამ თუ თქვენ არჩევთ ამ შეთანხმების ფარგლებს გარეთ მოქმედებას, ეს გააკეთეთ საკუთარი რისკით და დღეს არის დღე, როცა ამის შედეგები დგება“  - თქვა ლუტნიკმა.  

სავარაუდოდ, გადავადება გაგრძელდება 2 აპრილამდე, რის შემდეგაც ტრამპი გეგმავს ახალი ტარიფების შემოღებას ინდუსტრიის სპეციფიკურ მოსაკრებლებს ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ავტომობილები, ფარმაცევტული პროდუქცია და ნახევარგამტარები.


აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 4 მარტს მექსიკასა და კანადაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა. ამოქმედდა ჩინეთის წინააღმდეგ გამოცხადებული დამატებით 10%-იანი ტარიფიც, რამაც ჩინურ პროდუქტებზე დაწესებული იმპორტის გადასახადი ჯამში 20%-მდე გაზარდა. 

ტარიფების ძალაში შესვლამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა სამმა ქვეყანამ არ გადადგა საკმარისი ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიანთი ტერიტორიებიდან აშშ-ში მომაკვდინებელი ნარკოტიკების, მათ შორის, ფენტანილის შედინება შეემცირებინა. 

ჩინეთმა ტარიფების ამოქმედებიდან დაუყოვნებლივ მიიღო საპასუხო ზომები და ამერიკული სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტების იმპორტზე 10-15%-იანი იმპორტის გადასახადი დაამტკიცა და ამასთან, 25 ამერიკულ კომპანიას ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე საექსპორტო და საინვესტიციო შეზღუდვები დაუწესა. 

კანადასა და მექსიკას, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში აშშ-სთან პრაქტიკულად უტარიფო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ, მოუწიათ, დიდი ხნის მოკავშირის წინააღმდეგ საპასუხო ზომები მიეღოთ. 

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ოტავა ტრამპის ტარიფების საპასუხოდ დაუყოვნებლივ დააწესებდა 25%-იან ტარიფს დაახლოებით 20.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე. Reuters-ს ცნობით, ტრუდომ ასევე გამოაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის ტარიფები შესვლიდან 21 დღის შემდეგ კვლავ ძალაში დარჩება, კანადა ტარიფს დაუწესებს კიდევ 86.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტს. 

"ტარიფები ხელს შეუშლის წარმოუდგენლად წარმატებულ სავაჭრო ურთიერთობას". - თქვა ტრუდომ და დაამატა, რომ ტარიფები აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას დაარღვევს, რომელსაც ხელი სწორედ ტრამპმა მოაწერა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს. 

ცნობისთვის, ტრამპმა პრეზიდენტობის მეორე ვადაში პირველად ჩინეთს 10%-იანი ტარიფი 1-ელ თებერვალს დაუწესა. ტარიფი ძალაში 4 თებერვალს შევიდა. 

ამავე დღეს, 4 თებერვალს უნდა შესულიყო ძალაში მექსიკისა და კანადის წინააღმდეგ გამოცხადებული 25%-იანი ტარიფები, თუმცა ტრამპმა მათი ძალაში შესვლა 1 თვით გადადო. 

კომენტარები