რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Daily Mail: მაკრონი, სტარმერი და ზელენსკი აშშ-ში სამშვიდობო გეგმის წარსადგენად ჩავლენ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი (მარცხნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
Manon Cruz/Reuters

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზად არიან აშშ-ში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გაემგზავრონ. Daily Mail-ის ინფორმაციით, მათ შეიძლება აშშ-ს სამშვიდობო გეგმა წარუდგინონ.

გამოცემის ცნობით, სტარმერი და მაკრონი მზად არიან ზელენსკისთან ერთად უკვე მომდევნო კვირას ვაშინგტონში გაემგზავრონ, რათა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამშვიდობო გეგმაზე ერთიანი პოზიცია წარუდგინონ.

Daily Mail-ის დიპლომატიურმა წყაროებმა დაუდასტურეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა დაიწყოს ორივე მხრიდან საჰაერო და საზღვაო დაბომბვების შეწყვეტით. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ამჟამად უდიდესი ზიანი უპილოტო საფრენ აპარატებისა და რაკეტების თავდასხმას მოჰყვება.

თუ გეგმა წარმატებით განხორციელდა, შემდეგი ეტაპი იქნება სახმელეთო ცეცხლის შეწყვეტისკენ ნაბიჯების გადადგმა, რაც, როგორც წყარო აღნიშნავს, "უფრო რთული შესამოწმებელი და უფრო მარტივად ჩაშლადი იქნება".

პრეზიდენტმა მაკრონმა თავდაპირველად წარმოადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც, ბრძოლები ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ საჰაერო და საზღვაო სივრცეში შეწყდებოდა, "თუმცა, ახლა ეს შეთავაზება სავარაუდოდ განუსაზღვრელი ვადით იქნება ძალაში" - წერს გამოცემა.

როგორც წერს გამოცემა, ამის საპასუხოდ, კირ სტარმერი იმედოვნებს, რომ შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის "დაყოლიებას, რათა აშშ-მ უზრუნველყოს უსაფრთხოების "დამზღვევი მექანიზმი", რომელიც ბრიტანეთს, საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც "მსურველთა კოალიციას" ქმნიან, მშვიდობის შესანარჩუნებლად უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნის საშუალებას მისცემს.

კომენტარები