ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ეგვიპტე ღაზის აღდგენის გეგმას არაბული ქვეყნების სამიტზე წარადგენს

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბადრ აბდელატი

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ აბდელატის თქმით, ეგვიპტემ შეიმუშავა ღაზის აღდგენის გეგმა, რომელსაც 4 თებერვალს, არაბული ქვეყნების საგანგებო სამიტზე წარადგენს. 

ხმელთაშუაზღვის საკითხებზე ევროკომისარ, დუბრავკა სუიცასთან საერთო პრესკონფერენციაზე აბდელატიმ აღნიშნა, რომ გეგმის შესასრულებლად საჭირო იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა და დაფინანსება, მათ შორის, ევროკავშირისგან. 

"ჩვენ გავმართავთ საუბარს მსხვილ დონორ სახელმწიფოებთან, მას შემდეგ, რაც გეგმა დამტკიცდება მომდევნო არაბულ სამიტზე" – ამბობს ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ეგვიპტის გეგმა მოიცავს პალესტინელების ღაზაში დარჩენას, განსხვავებით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმისგან, რომლის მიხედვითაც პალესტინელებმა ღაზა უნდა დატოვონ და სხვა ქვეყნებში განაგრძონ ცხოვრება. 

თუმცა, არაბულმა ქვეყნებმა უარყვეს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება.

ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა, პალესტინის ხელისუფლებამ და არაბული ქვეყნების ლიგამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ისინი უარყოფენ ნებისმიერ გეგმას, მოხდეს პალესტინელების გადასახლება ღაზისა და დასავლეთ სანაპიროდან. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი გეგმები "საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას, ქმნის კონფლიქტის გაფართოების რისკს და ძირს უთხრის რეგიონის ხალხებს შორის მშვიდობისა და თანაცხოვრების პერსპექტივებს". 

ტრამპის თქმით, მისი გეგმის შესრულების შემთხვევაში, რაც აშშ-ს მიერ ღაზის სექტორის "დაუფლებას" ითვალისწინებს, პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება აღარ ექნებათ. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკულ ტელევიზია Fox-თან ინტერვიუში ისაუბრა

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ექნებოდათ თუ არა პალესტინელებს ღაზის სექტორში დაბრუნების უფლება, ტრამპმა უპასუხა:

"არა, მათ არ ექნებოდათ [დაბრუნების უფლება], ვინაიდან ისინი უკვე გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ პირობებში იქნებოდნენ. მე აქ ვსაუბრობ მათთვის მუდმივი დასახლების აშენებაზე, ვინაიდან თუ ისინი იქ ახლა დაბრუნდებიან, წლები დასჭირდება [ღაზის რეკონსტრუქციას]. ვფიქრობ, მე შემიძლია შეთანხმების მიღწევა იორდანიასთან, ეგვიპტესთან [საკუთარ ტერიტორიებზე პალესტინელების დასახლების შესახებ]. ჩვენ მათ მილიარდობით დოლარს მივცემთ ყოველწლიურად". - თქვა ტრამპმა. 

ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ 1.9 მილიონი პალესტინელისთვის "მშვენიერ" და "უსაფრთხო" დასახლებებს მოაწყობდა, თუმცა ღაზისგან "ოდნავ მოშორებით". 

დამატებით, 9 თებერვალს, თვითმფრინავ Air Force One-ში, რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ აშშ ერთგულია ღაზის სექტორის ყიდვისა და მფლობელობის იდეისადმი, თუმცა, შესაძლოა, ტერიტორიის ნაწილები ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს აღადგენინოს.

კომენტარები