აშშ-ს ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, უკრაინასა და აშშ-ს შორის ეკონომიკური შეთანხმების გაფორმება ამჟამად არ განიხილება.
ამის შესახებ ბესენტმა CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, აშშ-ს მინისტრმა თქვა, რომ შეთანხმების გაფორმება მაგიდაზე "ამ მომენტისთვის არ" დევს. მისივე თქმით, ზელენსკი მხოლოდ უნდა შესულიყო და ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერა, მან კი გადაწყვიტა, რომ ის ჩაეშალა.
"ზელენსკი მხოლოდ უნდა შემოსულიყო და ამ ეკონომიკური შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა და, კიდევ ერთხელ, უკრაინელ და ამერიკელ ხალხს შორის არანაირი სხვადასხვაობა არ უნდა ეჩვენებინა, მან კი გადაწყვიტა, რომ ეს ჩაეშალა". - თქვა ბესენტმა.
ბესენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის სხვა შეხვედრებმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დადებითად ჩაიარა.
"არ ვიცი, პრეზიდენტი ზელენსკი რას ფიქრობდა. ორშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ხუთშაბათს პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან ფანტასტიური შეხვედრა გვქონდა. ყველანი ეთანხმებოდა სამშვიდობო შეთანხმების სვლას". - თქვა ბესენტმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის.
მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპისა და ზელენსკის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
გთავაზობთ პრეზიდენტ ტრამპს, ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ოვალურ ოფისში გამართული უპრეცედენტო კამათის სრულ ტრანსკრიპტს.
შეხვედრის კონსტრუქციული დასაწყისი, რომლისთვისაც წინმსწრები დაძაბულობის ფონზე თბილიც შეიძლებოდა გვეწოდებინა, მედიის თვალწინ გამართულ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა:
კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი
ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათში გადაიზარდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა.
ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მასმადლობა აშშ-სთვის.
ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ.
"ჩვენ მშვიდობა გვსურს. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ჩამოვედი აშშ-ში და ვესტუმრე პრეზიდენტ ტრამპს. მინერალების შეთანხმება მხოლოდ პირველი ნაბიჯია უსაფრთხოების გარანტიებისა და მშვიდობასთან მიახლოვებისკენ. ჩვენი სიტუაცია მძიმეა, თუმცა უბრალოდ ვერ შევწყვეტთ ბრძოლას, თუ არ გვექნება გარანტიები, რომ ხვალ პუტინი არ დაბრუნდება.
ამერიკის დახმარება გადამწყვეტი იყო ჩვენი გადარჩენისთვის დასახმარებლად და მე ამას ვაღიარებ. მიუხედავად უხეში დიალოგისა, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვრჩებით. თუმცა ჩვენ ერთმანეთის მიმართ გულწრფელები და პირდაპირები უნდა ვიყოთ, რათა ჭეშმარიტად გვესმოდეს ჩვენი საერთო მიზნები.
ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, გვქონდეს პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, მაგრამ მშვიდობა ისე არავის სურს, როგორც ჩვენ. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც უკრაინაში ომი გადააქვს. ეს ბრძოლაა ჩვენი თავისუფლებისთვისა და გადარჩენისთვის". - დაწერა ზელენსკიმ.
რატომ წავიდა ყველაფერი ცუდად, რაც შეიძლებოდა, რომ ცუდად წასულიყო?





