პოლონეთის ციფრული საკითხების მინისტრი და ვიცეპრემიერი, კრიშტოფ გავკოვსკი ამბობს, რომ პოლონეთის კოსმოსური სააგენტოს (POLSA) IT ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმა მოხდა. მისი თქმით, კიბერუსაფრთხოების სამსახურებმა უნებართვო შესვლა აღრიცხეს.
ამის შესახებ გავკოვსკი X-ზე წერს.
"შემთხვევასთან დაკავშირებით, დაცული იქნა სისტემები, რომლებიც თავდასხმის ქვეშ მოექცა [...] ინტენსიური ოპერაციული აქტივობები მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ ვინ იყო კიბერთავდასხმის უკან". - წერს გავკოვსკი.
პოლონურ მხარეს აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთი პოლონეთის დესტაბილიზაციას ცდილობს.
გავკოვსკიმ 13 იანვარს განაცხადა, რომ პოლონეთმა გაშიფრა ჯგუფი, რომელიც რუსეთის დაზვერვის დავალებით დეზინფორმაციას ავრცელებდა მაისში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.
მანამდე, 2024 წლის სექტემბერში, პოლონეთის სპეცსამსახურებმა რუსი და ბელარუსი ჰაკერების ქსელი გამოავლინეს, რომელიც სახელმწიფოს თავდაცვის ორგანოებში შეღწევას და ინფორმაციის მოპარვას გეგმავდა.
გავკოვსკის, განმარტებით ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2024 წლის მსვლელობისას შეჩერებულია 400 000-ზე მეტი კიბერშეტევის მცდელობა.





