პლანეტების ერთ ზოლზე განლაგება, რომელიც "პლანეტარული მარშის" სახელით არის ცნობილი, 28 თებერვალს, მზის ჩასვლის შემდეგ, მოხდება. ამ დროს მარსი, იუპიტერი, ურანი, ვენერა, ნეპტუნი, მერკური და სატურნი ერთ ხაზზე განლაგდებიან. თუმცა, ყველა პლანეტა შეუიარაღებელი თვალით ხილვადი არ იქნება.
მათი უმეტესობა ცაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებზე მეტად გამოჩნდება, მაგრამ ნეპტუნისა და ურანის დასანახად ბინოკლი ან ტელესკოპი იქნება საჭირო.
ოთხი ან ხუთი პლანეტის ასეთი განლაგება შედარებით ხშირად ხდება, თუმცა ექვსი ან შვიდი პლანეტის ერთდროული განლაგება იშვიათი მოვლენაა. ამ ღამის შემდეგ ეს ფენომენი 2040 წლამდე არ განმეორდება.
"პლანეტარული მარშის" დასანახად საქართველოდან, სავარაუდოდ, დასავლეთის მიმართულებით უნდა გაიხედოთ. ცაზე პლანეტების საპოვნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური მობილური აპლიკაციები.





