პირებმა, რომლებიც 21 თებერვალს მომიტინგეებს მაჩეტეთი და კეტით შეიარაღებულები დაესხნენ თავს, წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს.
21 თებერვალს კინოთეატრ ამირანის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან პარლამენტისკენ მიმავალი საპროტესტო მარშის მონაწილეებს ორი პირი დაესხა თავს.
"კოსტავაზე მომიტინგეებს მაჩეტეთი და დუბინკით გადმოგვიხტა ეს ორი ცხოველი, იქვე იდგა შსს-ს თეთრი შკოდა, ფართოდ დახუჭული თვალებით". - წერდა მოქალაქე მომხდარის შესახებ.
შსს-მ თავდამსხმელები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რაც წვრილმანი ხულიგნობით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს.
სისხლის სამართლის წესით დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე შემთხვევის შესახებ წერდა, რომ მომიტინგეებს მაჩეტეთი და კეტით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ.
"5 წუთის წინ, კინო "ამირანი"-ს წინ, თავს დაგვესხნენ მაჩეტეთი და ბიტით". - დაწერა ცხადაძემ.
მანამდე, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან იუმორისტი ონისე ცხადაძე და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
10 იანვრის სასამართლო სხდომაზე 11 ადამიანის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის ერთ წარმოებად გაერთიანებული საქმეები განიხილეს.
სასამართლომ დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.
9 იანვარს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებდა, რომ გამოძიებამ საქმეები ერთ წარმოებად "ხელოვნურად გააერთიანა" და ეს უკანონოა.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





