23 თებერვალს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის გარეუბანში ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფების მოკლული ლიდერის, ჰასან ნასრალასა და დაჯგუფების სხვა წევრების დაკრძალვის მასობრივი ცერემონია გაიმართა.
ცერემონიას, რომელიც კვირას დილით ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიმართა ათი ათასობით ადამიანი ესწრებოდა.
დაკრძალვის ცერემონია ასევე ჰაშემ საფიედინისთვისაც ჩატარდა, რომელიც ჰეზბოლას ლიდერის პოზიციას ნასრალას გარდაცვალების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში იკავებდა. საფიედინი ჯერ კიდევ საჯაროდ ნასრალას მემკვიდრედ გამოცხადებამდე ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა.

Reuters-ის ინფორმაციით, ცერემონიის ოფიციალურად დაწყებამდე კამილ ჩამუნის სახელობის სპორტული ქალაქის სტადიონი, რომელიც 55.000 ადამიანზეა გათვლილი, თითქმის მთლიანად იყო გავსებული.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ასევე დაადასტურა, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას დაკრძალვის ცერემონიას გადაუფრინეს.
"ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ამჟამად ჰასან ნასრალას დაკრძალვის ცერემონიაზე ბეირუთის თავზე დაფრინავენ, რაც ერთმნიშვნელოვან გზავნილს ავრცელებს: სწორედ ეს იქნება იმათი დასასრული, ვინც ისრაელს განადგურებითა და თავდასხმებით ემუქრება" – თქვა კაცმა განცხადებაში.
"თქვენ დასაფლავებებზე სპეციალიზირდებით, ჩვენ კი – გამარჯვებებზე" – დასძინა მან.
მედიების ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების ნასრალას დაკრძალვის ცერემონიის თავზე გადაფრენის დროს შეკრებილი მოსახლეობა სკანდირებდა: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას, ჩვენ ვპასუხობთ შენს მოწოდებას, ნასრალა!".
ნასრალას დაკრძალვის ცერემონია მისი მკვლელობიდან დაახლოებით 5 თვეში გაიმართა.
ჰეზბოლას ახალი ლიდერის, ნაიმ ყასემის განცხადებით, ნასრალას დაკრძალვის ცერემონია ამ დრომდე არსებული უსაფრთხოების პირობები გამო ვერ ჩატარდა.

ყასემის თქმით, ჰეზბოლამ "დიდი საჯარო დაკრძალვის" 23 თებერვალს ჩატარება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.
აშშ-ს თეთრმა სახლმა 26 იანვარს განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანსა შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 18 თებერვლამდე დარჩება.
"ლიბანსა და ისრაელს შორის შეთანხმება, რომელსაც მონიტორინგს აშშ უწევს, ძალაში 2025 წლის 18 თებერვლამდე დარჩება". - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
"ჩვენ იმედოვნებთ, რომ ეს იქნება დიდი დაკრძალვის მსვლელობა, რომელიც შეეფერება მის დიად პიროვნებას" - აღნიშნა ყასემმა 2 თებერვალს სატელევიზიო გამოსვლისას.
ყასემმა ასევე დაადასტურა, რომ ისრაელის კიდევ ერთი საჰაერო იერიშისას მოკლული ჰაშემ საფიედინი ნასრალას მიერ საკუთარ მემკვიდრედ იყო არჩეული.
ჰეზბოლას ახალი ლიდერის თქმით, საფიედინი გენერალური მდივნის ან ჰეზბოლას ლიდერის სტატუსით დაიკრძალება.
"ჩვენ ავირჩიეთ მისი უმაღლესობა ჰაშემ საფიედინი გენერალურ მდივნად, მაგრამ ის 3 ოქტომბერს მოწამებრივად დაიღუპა, განცხადების გაკეთებამდე ერთი თუ ორი დღით ადრე." - განაცხადა ნაიმ ყასემმა.
ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის განცხადებით, ნასრალას ბეირუთის გარეუბანში დაკრძალავენ: "მიწის იმ მონაკვეთზე, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ ძველი და ახალი აეროპორტების გზებს შორის". ყასემის თქმით, საფიედინი საკუთარ მშობლიურ ქალაქ დეირ ქანუნში დაიკრძალება.
ჰეზბოლასა და ისრაელს შორის კონფლიქტი ღაზის სექტორში ომის პარალელურად მიმდინარეობდა. 1-ელ ოქტომბერს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომლის სამიზნეც ტერორისტული ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.
ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში 27 სექტემბერს მიიტანა. როგორც შემდგომში გაირკვა, დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო. იერიშის შედეგად ნასრალა დაიღუპა.
ოქტომბერში დაჯგუფებასთან დაახლოებულმა წყარომ AFP-თან განაცხადა, რომ ნასრალა დროებით საიდუმლო ადგილას იყო დაკრძალული.





