დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Times of Israel: ისრაელი ლიბანიდან ჯარების გაყვანას 18 თებერვალს გეგმავს

Ayal Margolin/Flash90

Times of Israel-ის ცნობით, ისრაელი ლიბანიდან ჯარების გაყვანას ხვალ, 18 თებერვალს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ისრაელელ ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს

თუმცა, ამის საპირისპიროდ, ისრაელის სტრატეგიული საკითხების მინისტრ რონ დერმერს აქამდე უთქვამს, რომ ისრაელის შეიარაღებული ჯარები ლიბანის სამხრეთ ნაწილში, 5 სტრატეგიულ ლოკაციაზე დარჩებოდნენ. 

ისრაელსა და ლიბანურ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად, ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 18 თებერვლისთვის უნდა გაიყვანოს. შეთანხმების მიხედვით სამხრეთ ლიბანი უნდა დატოვოს ჰეზბოლამაც, ხოლო ერთადერთი სამხედრო ძალა, რომელიც იქ დარჩება, ლიბანის არმია უნდა იყოს. 

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავტოვოთ [ლიბანი] და შეთანხმება შევასრულოთ. რა თქმა უნდა, [შეთანხმების პირობების დაცვას] გავაგრძელებთ. 

როგორც ხედავთ, ჩვენ ახლახან მოვკალით ჰამასის უფროსი მეთაური ლიბანში - სიდონში და არა სამხრეთ ლიბანში. ჩვენ გავაგრძელებთ [შეთანხმების შესრულებას] და რაც მოხდა 7 ოქტომბერს, აღარ განმეორდება. 

ჩვენ თავს დავესხმებით ნებისმიერ საფრთხეს და ვიზრუნებთ, რომ ჰეზბოლამ არ გადაუხვიოს [შეთანხმებას] და არ მიიღოს დაფინანსება ირანისგან... ეს უბრალოდ არ მოხდება". - უთხრა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა Times of Israel-ს. 

ცნობისთვის, აშშ-ს თეთრმა სახლმა 26 იანვარს განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანსა შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 18 თებერვლამდე დარჩებოდა.

ჰეზბოლასა და ისრაელს შორის კონფლიქტი ღაზის სექტორში ომის პარალელურად მიმდინარეობდა. 1-ელ ოქტომბერს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომლის სამიზნეც ტერორისტული ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისრაელის მხრიდან წინ უძღოდა ლიბანში საჰაერო იერიშების კამპანია, რომლის ფარგლებშიც ისრაელის არმიას ჰეზბოლას სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე მიჰქონდა იერიში.

მანამდე, სექტემბერში, ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშებისა და თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც ჰეზბოლასთან მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა.

27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთში ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, ჰასან ნასრალა დაიღუპა.

ისრაელს ჯერჯერობით არ უთქვამს, თუ როდემდე აპირებს სამხედრო ძალების ლიბანის სამხრეთში დატოვებას, სადაც ისრაელის არმიის მიხედვით, ჰეზბოლას შეიარაღების ხელში ჩაგდება და დაჯგუფების ინფრასტრუქტურის განადგურება მიმდინარეობს.

ისრაელის თქმით, ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშის წამოწყების მიზანი ათეულობით ათასი ისრაელელის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება იყო, რომლებსაც ჰეზბოლას სარაკეტო იერიშების გამო ქვეყნის ჩრდილოეთში საზღვართან მდებარე სახლების დატოვება მოუწიათ.

კომენტარები