რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Reuters: მიუნხენში ტრამპის გუნდთან ზელენსკის შეხვედრა მინერალებზე გარიგების გარეშე დამთავრდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინამ 14 თებერვალს აშშ-ს მინერალების ორმხრივ შეთანხმებაზე დოკუმენტის საკუთარი ვერსია გადასცა მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ.

გამოცემასთან უკრაინული დელეგაციის ორმა წყარომ განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე ითხოვა უკრაინის მიერ წარდგენილი წინადადებისთვის გადასახედად იმ ფონზე, როცა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვედრა მოგვიანებით იგეგმებოდა.

უკრაინულ მხარეს ნათქვამი აქვს, რომ მნიშვნელოვან მინერალურ რესურსებზე შეთანხმების დასადებად მზადაა, რათა აშშ-ს ინვესტიციები მოიზიდოს, რაც ნაწილია უკრაინის მცდელობის, აშშ-ს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები მოიპოვოს რუსეთთან ომის დამთავრებაზე პოტენციური შეთანხმების ფარგლებში.

12 თებერვალს აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინას აშშ-ს მიერ შედგენილი ხელშეკრულების მონახაზი წარუდგინა. ზელენსკიმ თქვა, რომ ისინი დოკუმენტს გადახედავდნენ, რათა შეთანხმებისთვის მიუნხენში მიეღწიათ.

14 თებერვალს ბესენტმა Fox Business Network-ზე თქვა, რომ ომის დამთავრებაზე ტრამპის ადმინისტრაციის გეგმით, აშშ-ს ეკონომიკა კიევისას გადაეჯაჭვებოდა, ხოლო აშშ პრივატიზაციის "საუკეთესო პრაქტიკას" შეიტანდა უკრაინაში.

თუმცა, Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიუნხენში ამერიკელი სენატორების ორპარტიულ დელეგაციასთან 90-წუთიანი შეხვედრის დროს, ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა ტრამპის გუნდის მიერ წარდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით.

ანონიმური წყაროს თქმით, ზელენსკის "ჰქონდა განცდა, რომ მას დაუსაბუთებლად სთხოვდნენ ხელის მოწერას ისეთ რამეზე, რისი წაკითხვის შანსიც კი არ ჰქონდა".

"ვფიქრობ, რომ მას არ მოეწონა, როცა არჩევანის გარეშე რაღაცის შეთავაზება სცადეს". - დაამატა მან.

წყაროს ცნობით, ზელენსკიმ აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე საკუთარი გეგმა განიხილა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინული კონსტიტუციის დაცვით იყო შედგენილი.

ამასთანავე, Reuters-ის ცნობით, ორმა წყარომ ბესენტის მიერ წარდგენილი წინადადება "ცალმხრივად" დაახასიათა, ხოლო დემოკრატმა სენატორმა ბრაიან შატსმა კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ზელენსკი აშშ-ს წინადადება ცალმხრივად, უპასუხა, რომ "ამის თქმა სამართლიანი იქნებოდა".

შატსის თქმით, ტრამპის მიერ წარდგენილ წინადადებას "დამუშავება სჭირდება", თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

უკრაინის პრეზიდენტმა შეთანხმების მონახაზზე Reuters-თან ინტერვიუში წინა კვირას ისაუბრა და თქვა, რომ იგი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობას სთავაზობს აშშ-ს, რათა ერთად განავითარონ მინერალების დეპოზიტები, მათი "გაჩუქების" ნაცვლად.

კომენტარები