USAID

კალაძეს იმედი აქვს, რომ ტრამპი USAID-ის "დამარცხების" დაპირებას ბოლომდე მიიყვანს

თბილისის მერს, კახა კალაძეს იმედი აქვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი იმ დაპირებას, რაც გასცა USAID-ის დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე მიიყვანს. ამასთან, კალაძე USAID-ს კრიმინალურ ორგანიზაციას უწოდებს და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების არაერთ მცდელობაში თანხების ხარჯვაში ადანაშაულებს. 

"საქართველოს ხელისუფლებას თავის ხალხთან დასამალი არაფერი აქვს, ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებით საზოგადოებას. ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, დადასტურდა, როდესაც გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დახურა ის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც USAID ერქვა; ორგანიზაცია, რომელიც თანხებს ხარჯავდა ქვეყანაში პოლარიზაციაში, დაპირისპირებაში, საზოგადოების გახლეჩაში, სახელმწიფო გადატრიალების არაერთ მცდელობაში და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობაში.

გავიხსენოთ წლები და ვნახავთ, როგორ ახორციელებდნენ ამ ყველაფერს. საზოგადოებისთვის კიდევ ბევრი რამ გახდება ცნობილი და ცხადი. კერძოდ, თუ რასთან გვქონდა საქმე, როგორი დამოკიდებულება იყო  საქართველოსთან მიმართებით, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი იმ დაპირებას, რაც გასცა USAID-ის დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე მიიყვანს" - ამბობს კალაძე. 


დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, გაპრეზიდენტების პირველ დღესვე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების 90 დღის ვადით შეჩერებას გულისხმობდა. ბრძანების საფუძველზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა არსებული და ახალი საგარეო დახმარების პროგრამა შეაჩერა.

თებერვლის დასაწყისში ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ხოლო რუბიომ გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციის პირობა, რომ  USAID-ის ფუნქციები თანხვედრაში უნდა იყოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან.

5 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ USAID-ის პირდაპირი წესით დასაქმებული ყოველი პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა, ხოლო უცხოეთში მომუშავე თანამშრომლებს აშშ-ში დააბრუნებენ.

ამასთანავე, გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გვატემალაში აშშ-ს საელჩოში შეხვედრისას, რომელსაც ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, მარკო რუბიომ USAID-ის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საგარეო დახმარება "მთავრობის ყველაზე არაპოპულარული დანახარჯი იყო" და რომ ამ მიმართულების დაცვა მისთვის სულ უფრო რთულია.

7 თებერვალს, ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მილიარდერი მოკავშირეს, ილონ მასკის გადაწყვეტილება, რომლებიც ცდილობდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაშლას. მოსამართლემ დროებით შეაჩერა ათასობით სააგენტოს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების გეგმა.

კომენტარები