ვაშინგტონში ვიზიტის დროს, იორდანიის პრეზიდენტმა აბდულა II-მ ჟურნალისტებთან თქვა, რომ იორდანია მზადაა, ღაზიდან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე 2 000 ბავშვი დაუყონებლივ მიიღოს იორდანიაში.
"ვფიქრობ, ახლავე შეგვიძლია 2 000 სიმსივნით დაავადებული ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ბავშვი იორდანიაში წავიყვანოთ და დაველოდოთ ეგვიპტელებს, წარმოადგინონ [აშშ-ს] პრეზიდენტთან ერთად ღაზაში არსებულ გამოწვევებზე მუშაობის გეგმა" – ამბობს იორდანიის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე იორდანიის გადაწყვეტილებას "ლამაზი ჟესტი" უწოდა და აღნიშნა, რომ ღაზის კრიზისი მალე მოგვარდება.
"ძალიან ლამაზი ჟესტია და ამისთვის მადლობელი ვართ. ჩვენ ვიმუშავებთ ეგვიპტესთან და ვფიქრობ, ჩვენ სამნი და კიდევ სხვები არიან, ვინც გვეხმარებიან, ამ საკითხს მოვაგვარებთ. ეს არ არის ძალიან რთული და იმ პირობებში, როდესაც აშშ მართავს მიწის ამ დიდ ნაწილს, ახლო აღმოსავლეთში პირველად იქნება სტაბილურობა და ღაზაში მცხოვრები ადამიანები სხვა ქვეყანაში ლამაზად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ" – თქვა ტრამპმა.
25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე საუბრისას თქვა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს. ამასთან დაკავშირებით ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"მე ვუთხარი მას [იორდანიის მეფეს], რომ სურვილი მაქვს, თქვენ მეტი ლტოლვილი მიიღოთ, რადგან ამჟამად ღაზის მთლიან სექტორს ვაკვირდები და იქ ნამდვილი არეულობაა" - ტრამპმა ჟურნალისტებთან იორდანიის მეფე აბდულა II-თან მისი სატელეფონო საუბრის მონაკვეთი გაიხსენა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ 26 იანვარს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთანაც ისაუბრებდა. "მე მსურს, რომ ეგვიპტემაც მიიღოს ხალხი. საუბარია დაახლოებით ერთნახევარ მილიონ ადამიანზე" - დასძინა მან.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია":
"ამიტომ, მირჩევნია, ვიმუშაო ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან და ავაშენოთ საცხოვრებელი სხვა ადგილას, სადაც ლტოლვილებს შეეძლებათ, მშვიდად იცხოვრონ" - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
თუმცა, არაბულმა ქვეყნებმა უარყვეს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება ღაზის სექტორიდან პალესტინელთა მეზობელ ქვეყნებში - ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლების შესახებ.
ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა, პალესტინის ხელისუფლებამ და არაბული ქვეყნების ლიგამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ისინი უარყოფენ ნებისმიერ გეგმას, მოხდეს პალესტინელების გადასახლება ღაზისა და დასავლეთ სანაპიროდან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი გეგმები "საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას, ქმნის კონფლიქტის გაფართოების რისკს და ძირს უთხრის რეგიონის ხალხებს შორის მშვიდობისა და თანაცხოვრების პერსპექტივებს".