პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის განცხადებით, ისრაელელი მძევლების გათავისუფლება დროებით შეაჩერა. ტერორისტული ორგანიზაცია მიზეზად ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ასახელებს.
ჰამასს შაბათს, 15 თებერვალს, როგორც გასული კვირებში განმავლობაში, ისრაელთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ უნდა გაეთავისუფლებინა კიდევ რამდენიმე ისრაელელი მძევალი.
ჰამასის სამხედრო ფრთის პრესსპიკერის, აბუ უბაიდას თქმით, ისრაელის მხრიდან შეთანხმების დარღვევა გამოიხატებოდა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების დაგვიანებით, პალესტინელების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისა და სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის დაბლოკვის შემთხვევებით.
უბაიდამ ასევე განაცხადა, რომ მძევლების შაბათს დაგეგმილი გათავისუფლება გადაიდო მანამ, სანამ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს არ დაემორჩილება და "აანაზღაურებს გასული კვირების [დარღვევებს]".
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ჰამასის განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, რის გამოც მან არმიას უმაღლეს დონეზე მზაობა დაავალა როგორც ღაზაში, ისე საშინაო თავდაცვისთვის.
კაცმა დაამატა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების კონსულტაციების გამართვას გეგმავს. უსაფრთხოების კაბინეტი, რომელიც თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, შეხვედრას 11 თებერვალს გამართავს.
გამოცემა Reuters-ს ორმა ეგვიპტელმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ ჰამას-ისრაელის მოლაპარაკებათა მედიატორები, მათ შორის, კატარი, ეგვიპტე და აშშ, შიშობენ, რომ მხარეებს შორის იანვარში დადებული შეთანხმება შესაძლოა, ჩაიშალოს.
ჰამას-ისრაელის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ ძალაში 19 იანვარს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ყოფილა შემთხვევები, რომლებშიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე პალესტინელი გაანეიტრალა, ხოლო ჰამასმა, თავის მხრივ, რამდენჯერმე დააგვიანა იმ მძევლების ვინაობის დასახელება, რომლებსაც გარკვეულ კვირებში გაათავისუფლებდნენ. შესაბამისი სააგენტოების განცხადებით, შეთანხმების შემდეგ ღაზაში შემავალი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა გაიზარდა.
ჰამას-ისრაელის შეთანხმების ფარგლებში ჰამასმა ამ დროისთვის 21 მძევალი გადასცა ისრაელს, მათ შორის, 16 ისრაელელი, ხოლო 5 - ტაილანდელი. სანაცვლოდ, ისრაელმა 700-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33-დან 25 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს (მათგან 8 ტყვეობაში გარდაიცვალა), მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე პირებს გაათავისუფლებს.