სირია

სირია-ლიბანის საზღვარზე მესამე დღეა, სამხედრო შეტაკებები მიმდინარეობს

Reuters file photo

სირიისა და ლიბანის საზღვარზე მესამე დღეა, სამხედრო შეტაკებები მიმდინარეობს სირიის არმიასა და ლიბანურ კლანებს შორის. სირიის არმია ძირითადად ტერორისტული ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) ყოფილი მებრძოლებისგანაა დაკომპლექტებული, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო. 

ლიბანური გამოცემა L'Orient Today-ს ცნობით, ბოლო საათების განმავლობაში სირიულმა მხარემ დაბომბა საზღვართან მდებარე რამდენიმე ლიბანური სოფელი, არის მსხვერპლი. 8 თებერვლის შეტაკების შედეგად, ლიბანურ მხარეს დაშავდა 8 ადამიანი. ამასთან, 7 თებერვალს 3 ლიბანელი დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა. სირიულ მხარეს კი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. 

შეტაკებები ხუთშაბათს, 6 თებერვალს დაიწყო, როცა სირიის ახალმა მთავრობამ საზღვრის სიახლოვეს არსებულ ლიბანურ სოფელ ჰავიკში "ფართო სამხედრო კამპანიის" დაწყება გამოაცხადა. არსებული ცნობებით, სოფელი ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდების მარშრუტის ნაწილს წარმოადგენს და უმეტესად ნარკომოვაჭრე კლანების წევრებითაა დასახლებული. აღნიშნული კლანები მსხვილი ნარკომოვაჭრეები არიან და ჰქონიათ სამხედრო შეტაკებები ლიბანურ არმიასთან. 

სირიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ადგილობრივი კლანების წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია ნაწილია იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის გეგმისა. 

იმ ლიბანურ კლანებს შორის, რომლებიც სირიის არმიასთან სამხედრო შეტაკებებში არიან ჩართული, არიან ზაითერის, ჯაფაარის, ნოუნის, ჯამალისა და რახინის შიიტური კლანები, რომლებიც დიდი ხანია, რაც სასაზღვრო რეგიონში ცხოვრობენ. ამ რეგიონში სირიისა და ლიბანურ ტერიტორიებს შორის დემარკაცია კვლავ ბუნდოვანია. 

შეტაკებების მიმდინარეობისას ორივე მხარეს გაიტაცეს ადამიანები, მათ შორის, გამოცემა New Arab-ის ცნობით, ლიბანურმა კლანებმა HTS-ის 2 ჯარისკაცი, ხოლო HTS-მა 16 ლიბანელი ქალი და ბავშვი. მხარეებმა მძევლები უკვე გაცვალეს. 

კომენტარები