ტრეფიკინგი საქართველოში

საქართველოში ე.წ. კვერცხუჯრედების ფერმის მსხვერპლი 100-მდე ტაილანდელი ქალი გახდა – მედია

ტაილანდური გამოცემა The Nation საქართველოში მოქმედი ტრეფიკინგის მასშტაბური სქემის შესახებ წერს. გამოცემის ცნობით, ტაილანდურმა ქალთა ფონდმა Pavena Foundation for Children and Women ცოტა ხნის წინ სამი ტაილანდელი ქალი ჩინური კრიმინალური დაჯგუფების მიერ მართული ე.წ. კვერცხუჯრედების ფერმიდან დაიხსნეს.

ფონდის ცნობით, ჯამში 100-მდე ტაილანდელი ქალი კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც თავს სუროგაციის ბროკერებად ასაღებდნენ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს. სქემის მიხედვით, ტაილანდელი ქალები უცხოელი წყვილების სუროგატები უნდა გამხდარიყვნენ და ამისთვის მათ 400 000-დან 600 000-მდე ($12 000-17 000) ტაილანდურ ბატს ჰპირდებოდნენ.

როგორც ფონდი აღნიშნავს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქალები იზოლირებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაჰყავდათ, სადაც მათ სუროგაციის ნაცვლად, ყოველთვიურად კვერცხუჯრედების მოპოვების პროცედურების გავლას აიძულებდნენ. მოპოვებულ კვერცხუჯრედებს კი, სავარაუდოდ, ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცედურებში გამოყენებისთვის სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ.

ქალთა ფონდის ცნობით, სქემის მსხვერპლები იძულებულნი იყვნენ ყოველთვიურად კვერცხუჯრედების სტიმულირებისთვის ჰორმონალური პროცედურები და ინვაზიური სამედიცინო პროცედურები გაევლოთ, რაც მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა. პროცედურებზე უარის თქმის შემთხვევაში კი ქალებს ციხით ემუქრებოდნენ და სქემიდან თავის დასახსნელად დიდი თანხის გადახდას სთხოვდნენ.

ორგანიზაცია Pavena Foundation for Children and Women-ს სქემის ერთ-ერთი მსხვერპლი ნა [სახელი შეცვლილია] დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარ ოჯახის წევრებთან დაკავშირება და მათი დახმარებით გამოსასყიდის შეგროვება შეძლო. მისმა ოჯახმა კრიმინალურ დაჯგუფებას დაახლოებით 2 100 აშშ დოლარი გადაუხადა.

ნას თქმით, მასთან ერთად საქართველოში 10 ტაილანდელი ქალი ჩამიყვანეს. ისინი ჯგუფის ლიდერ ქალთან ერთად სომხეთის გავლით, მატარებლით ჩამოვიდნენ და სასტუმროში გაჩერდნენ, სადაც მათ ე.წ. ლიდერმა პასპორტები ჩამოართვა. მომდევნო დღეს კი ქალები ოთხი სახლისგან შემდგარ კომპლექსში გადაიყვანეს.

ნას თქმით, იმ სახლში, რომელშიც ის გაიყვანეს უკვე იმყოფებოდა 60-მდე ტაილანდელი ქალი, რომელთა უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მომდევნო დღეს კი ნა მეორე სახლში გადაიყვანეს, სადაც მას 10 ტაილანდელი ქალი დახვდა. მისი თქმით, ოთხივე სახლში დაახლოებით 100-მდე ქალი ცხოვრობდა და ტერიტორიაზე მათ ხშირად ხვდებოდათ ჩინელი მამაკაცები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სამმა ტაილანდელმა ქალმა სამშობლოში დაბრუნება ტაილანდის პოლიციის მიერ ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად შეძლო, რომელსაც ქვეყნის პოლიციის საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსი, სურაფან თაიპრასერტი ინტერპოლთან კოორდინაციით ხელმძღვანელობდა.

Pavena Foundation for Children and Women-ის ცნობით, 100-მდე ტაილანდელი ქალი კვლავ საქართველოში რჩება. ორგანიზაცია ტაილანდის მთავრობას მოუწოდებს დახმარებისთვის ჩინეთის ხელისუფლებას მიმართოს და ასევე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა დანაშაულებრივი ქსელის გამოსავლენად და ტრეფიკინგის მსხვერპლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კომენტარები