ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საზოგადოებრივ მაუწყებელში საკუთარ პოსტზე დაბრუნებას ითხოვენ.
"ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია კიდევ ერთხელ მოითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც მისი უკანონო დაკავების შემდეგ 24-ე დღეა შიმშილობს
EFJ შეშფოთებულია ქვეყანაში რეპრესიების გაძლიერებითა და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების ნიშნებით, რისი მიზანიც მიმდინარე პროტესტებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე ცენზურის დაწესებაა". - წერია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც სამეურვეო საბჭოს სხდომებზე მზია ამაღლობელის საქმის არასათანადო გაშუქება ამხილეს.
"შეხვედრაზე ცნობილმა ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა მაუწყებლის სარედაქციო გადაწყვეტილებებში საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის ჩარევა გააკრიტიკა, რომელიც წარსულში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მაუწყებლის სატელევიზიო წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა, ასევე, გამოუცხადა სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა "სინდისის პატიმარს" და დაამატა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სრულად უნდა გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი" - წერია EFJ-ს განცხადებაში.
ჟურნალისტთა ფედერაციის განცხადებით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის განცხადების საპასუხოდ, მას აეკრძალა საინფორმაციო გადაცემის წაყვანა.
"EFJ მიიჩნევს, რომ ეს არის მიუღებელი ცენზურა და პოლიტიკური ჩარევა. ჩვენ ვთხოვთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს, ჩაერიოს აღნიშნულ საქმეში". - განაცხადა EFJ-ის გენერალურმა მდივანმა, რიკარდო გუტიერეზმა.
გუტიერეზის თქმით, "თუ უსამართლოდ დასჯილი ჟურნალისტი არ დაბრუნდება სამსახურში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაირიცხოს ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან".