საპროტესტო აქციები

აქციაზე დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა თბილისი მოლთან აქციაზე დაკავებულები მოინახულეს და "საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. 9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა".

რწმუნებულთა განცხადებით, დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები - გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ.

"სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2 და 3 თებერვლის განმავლობაში, თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 პირი მოინახულეს. ასევე, რწმუნებულმა კლინიკა ვივამედში მოინახულა ტვ პირველის ოპერატორი ნიკოლოზ კოკაია.

საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. 9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები - გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული. რწმუნებულთან გასაუბრების დროისთვის მას თვალი დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა.
დაკავებულთა გადმოცემით, სამწუხაროდ, მათი დაკავება ხდებოდა განურჩევლად. ზოგიერთის თქმით, ისინი გზის სავალ ნაწილზე არც იმყოფებოდნენ და ტროტუარზე დააკავეს.

სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობისა და სხვა სამართალდარღვევის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს შემდგომ მონიტორინგს მიმდინარე სამართალწარმოებაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ 2 თებერვალს, თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს.

როგორც უწყება ამბობს ამ დროისთვის, სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულები არ არიან. 

გუშინ, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან მოქალაქეებმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ.

კომენტარები