ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

Reuters: ღაზის სექტორში გამშვებ პუნქტებს ამერიკული უსაფრთხოების კომპანიები გააკონტროლებენ

ღაზის სექტორში ნეცარიმის დერეფნის სატელიტური სურათი , 30 აგვისტო, 2024
Planet Labs Inc./Handout via REUTERS

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, მცირე ზომის ამერიკული უსაფრთხოების კომპანია 100-მდე აშშ-ს სპეციალური ოპერაციების ძალების ვეტერანებს ეძებს დასაქირავებლად, რათა ჰამასსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერიოდში ღაზის სექტორში არსებული გამშვები პუნქტები გააკონტროლონ.

Reuters-ის მიერ ნანახი ელექტრონული ფოსტის მიხედვით, კერძო უსაფრთხოების კომპანია UG Solutions, რომელიც აშშ-ში 2023 წელს დაფუძნდა, მსურველ ვეტერანებს ყოველდღიურად $1 100-ისა და წინასწარ $10 000-ის ოდენობის თანხას სთავაზობს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, დაქირავებული ვეტერანები ღაზის სექტორში მთავარ გადაკვეთის წერტილებში გამშვებ პუნქტებს გააკონტროლებენ. მან ასევე გამოცემის მიერ ნანახი ელექტრონული ფოსტის ავთენტურობაც დაადასტურა.

კომპანიის წარმომადგენელმა დაამატა, რომ მათ მიერ დასაქმებული რამდენიმე პირი უკვე ჩასულია ღაზის სექტორში, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ UG Solutions ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ჩართული იქნება, თუმცა, გავრცელებული ელექტრონული ფოსტის მიხედვით, კომპანია ექსკლუზიურად აშშ-ს სპეციალური ოპერაციის ძალებში მსახურობის წარსულის მქონე პირებს ეძებს.

19 იანვარს, ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თითქმის 3 საათის დაგვიანებით ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.

შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს, ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს.

კომენტარები