ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ალი ბაბაევის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა. ელისაშვილის თქმით, "ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ალი ბაბაევის წინააღმდეგ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჩემი მკვლელობის მცდელობით და არა მის წინააღმდეგ".
"მოვდიოდი ქუჩაში ჩემთვის, შემაგინა, როგორც ჩანს, იცოდნენ, რომ ამ ინციდენტზე რეაგირება მექნებოდა და ეს ინციდენტი მომიწყვეს. მაგრამ ის მტკიცებულება, რაც მათ ჰგონიათ, რომ მათი პოზიციის გამამყარებელია, სინამდვილეში მათი საწინააღმდეგოა. რამდენჯერმე გავერიდე ამ ამბავს, რომ მივდიოდი რკინის ჯოხით გამომეკიდა. ვიღაც ბიჭი ფანჯრებს წმენდდა და იმას წაართვა ჯოხი, ვიღაც ქალს რომ არ ეკივლა, გადამიხსნიდა თავს, კადრებში ჩანს კიდეც, რა გამეტებით მომიქნია. ამაზე ყურს არ იბერტყავს გამოძება. აქაც რომ მოვედით, რა თქმა უნდა, იმის იმედი არ გვაქვს, რომ დაფაცურდებიან, ყოველ შემთვევაში, ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ. [...] ახლა 6-ში გვაქვს სასამართლო პროცესი, წესით, ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ალი ბაბაევის წინააღმდეგ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჩემი მკვლელობის მცდელობით და არა ჩემს წინააღმდეგ" - ამბობს ელისაშვილი TV პირველთან.
ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ძალადობის გამოყენებით ჩადენილი პოლიტიკური დევნა ედება, საქმე სისხლის სამართლის 156-ე მუხლით არის აღძრული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 16 დეკემბერს გაათავისუფლა. სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.





