გლდანის ციხესთან ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ და ადმინისტრაციისგან განმარტებებს (თუ ვინ გაუსწორდა პატიმარს ფიზიკურად) და ხელმძღვანელი პირებთან შეხვედრას ითხოვენ.
"გუშინწინ მითხრეს, გუშინწინ მოაღწია ჩემთან, 7 დღე უპატრონოდ იყო" - ამბობს მამა.
"ნახევრადმკვდარი წევს: ქალაფუძის მოტეხილობა, ძლიერი ჰემატომა, ტვინის ანთება, გარსის ანთება და თირკმელი აქვს მარჯვენა გაჩერებული. აქ ვიდეოკამერები ექნებათ და უნდა გვაჩვენონ, რომ როგორ მოხდა და რანაირად მოხდა. პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს ვიღაცამ?" - ამბობს ოჯახის წევრი.
სამედიცინო ცენტრი ვივამედის ქირურგი და კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე TV პირველთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ პაციენტი სუნთქვით აპარატზეა შეერთებული.
სახალხო დამცველის აპარატმა სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვივამედში მოთავსებულ პაციენტთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.
"29 იანვარს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა ვივამედში ერთ-ერთი პატიმრის მძიმე დაზიანებებით მოთავსების შესახებ. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით, კლინიკაში იმყოფებოდა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე, იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ ვივამედში მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიებაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.
გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მოცემულ საკითხსაც.
სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აპარატი გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას". - წერია განცხადებაში.