აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ მან "ახლახან სთხოვა ილონ მასკსა და SpaceX-ს", კოსმოსიდან ჩამოიყვანონ NASA-ს 2 ასტრონავტი, რომლებიც "ბაიდენის ადმინისტრაციამ კოსმოსში მიატოვა".
საუბარია NASA-ს ასტრონავტებზე - ბუჩ უილმორსა და სუნი უილიამსზე, რომლებიც თვეებია, რაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან.
"მე ახლახან ვთხოვე ილონ მასკსა და SpaceX-ს, რომ "წავიდნენ და ჩამოიყვანონ" 2 მამაცი ასტრონავტი, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციამ კოსმოსში, პრაქტიკულად, მიატოვა. ისინი თვეებია, კოსმოსურ სადგურზე იცდიან. ილონი მალე გზაში იქნება. იმედია, ყველა უსაფრთხოდ იქნება. წარმატებები, ილონ!!!" - წერს ტრამპი.
პრეზიდენტის საპასუხოდ, SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა X-ზე დაწერა, რომ SpaceX ტრამპის თხოვნას შეასრულებდა.
"აშშ-ს პრეზიდენტმა SpaceX-ს სთხოვა, რომ 2 ასტრონავტი, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე არიან ჩარჩენილები, სახლში რაც შეიძლება მალე დააბრუნოს. ჩვენ ასეც მოვიქცევით. საშინელებაა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ისინი იქ ამდენი ხნის განმავლობაში დატოვა". - წერს მასკი.
ასტონავტები უილმორი და უილიამსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 8-დღიანი მისიით გასული წლის ივნისში გაემგზავრნენ, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, Boeing-ის Starliner-ის კაფსულასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სადგურზე გაჩერება თვეებია, უწევთ.
თუმცა, NASA-ს ხშირად განუცხადებია, რომ ასტრონავტები "კოსმოსში მიტოვებულები" არ არიან და დედამიწაზე მათი უსაფრთხოდ დაბრუნების გეგმა რამდენიმე თვეა, შედგენილია. ასევე, NASA-ს ასტრონავტებს გრძელვადიანი მისიებისთვის სპეციალური წვრთნები აქვთ მიღებული, ხოლო მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას კოსმოსში ყოფნის პერიოდში სამედიცინო ექსპერტები აკვირდებიან.
ამასთან, NASA-ს დედამიწაზე უილმორისა და უილიამსის დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია, ვინაიდან მათი კაფსულა, რომლის პრობლემების გამოც მოუწიათ მისიის გახანგრძლივება, ახლა უსაფრთხოა დედამიწაზე დასაბრუნებლად. თუმცა, თუ აღნიშნული ასტრონავტები მართლაც დატოვებდნენ კოსმოსურ სადგურს, შემცირებული მომუშავე პერსონალი NASA-ს მეცნიერულ საქმიანობას მნიშვნელოვნად შეაფერხებდა.
ასტრონავტების დაბრუნების დაგეგმილი მისიებისთვის (სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში) NASA-მ SpaceX-სთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. უცნობია, გადაუხდის თუ არა დამატებით თანხებს NASA ილონ მასკის კომპანიას კიდევ ერთი რეისისთვის, რათა ასტრონავტები დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდნენ.