18 იანვარს სოციალური ქსელი TikTok აშშ-ს ტერიტორიაზე დაიბლოკა. ამბავს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.
ცაჰკნას თქმით, ბოლო წლებში ევროპა არაერთხელ შეესწრო იმისა, თუ როგორ იყენებენ TikTok-ს დეზინფორმაციისა და ყალბი სიახლეების გასავრცელებლად.
"ამის ყველაზე ნათალი მაგალითი, ცოტა ხნის წინ მოხდა რუმინეთში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მას შემდეგ გააუქმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთი მასიური ინტერნეტ-კამპანიის გატარების გზით არჩევნებში ჩაერია". – ამბობს ცაჰკნა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ TikTok-ზე მომხმარებელი ვერ იღებს დაბალანსებულ ინფორმაციას:
"TikTok - ეს არ არის ინფორმაციის მასიური გავრცელების საშუალება, ეს არის გავლენის იარაღი".
გარდა ამისა, ცაჰკნა ამბობს, რომ TikTok მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას აგროვებს, თუმცა გაუგებარია, ვის აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე.
"ვინაიდან TikTok ეკუთვნის ჩინურ კომპანიას, არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ მონაცემები მოხვდება ჩინეთის ხელისუფლების ხელში. საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშს თუ დავუჯერებთ, TikTok აგროვებს იმდენ ინფორმაციას, რამდენიც ჯაშუშობისთვის, ფინანსური თაღლითობისთვის ან კიბერშეტევებისთვის არის საჭირო". – ამბოს ცაჰკნა.
აშშ-ში სოციალური ქსელის აკრძალვას უზენაესმა სასამართლომ 17 იანვარს დაუჭირა მხარი. TikTok-ის აკრძალვა კონგრესის ინიციატივა იყო, რომელსაც ჯო ბაიდენმა გასული წლის აპრილში მხარი დაუჭირა.
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ "დიდი ალბათობით" TikTok-ის აკრძალვის პროცესს 90 დღით გადაავადებს.