პლატფორმა Freebusiness.ge-ზე ხელმომწერი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ვითარება და გამოსავლის გზები განიხილეს.
როგორც Freebusiness.ge-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მოისმინეს პრეზენტაციების, რაც ადასტურებს, რომ სიტუაცია ყოველთვე უფრო და უფრო მძიმდება.
"პრეზენტაციები რომელიც მოვისმინეთ და ციფრებში ვნახეთ ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკური სიტუაცია ეკონომიკას ითრევს კრიზისში და ეს ყოველთვე უფრო და უფრო მძიმე სურათს იღებს. ჩვენ ვნახეთ მაგალითად, აისეტის ინდექსი, სადაც ბიზნესის განწყობები არის გაზომილი და ეს ინდექსები არის რადიკალურად შემცირებული და არის ისეთივე დაბალ დონეზე, როგორიც იყო პანდემიის დროს, წარმოგიდგენიათ? ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა. რაღაცა მონაცემები, ეს ეკონიმიკური ზრდის იქნება, ინფლაციის თუ გაცვლითი კურსის გაუფასურება ეს ცოტა დროში გადაწეულია, მაგრამ ამას უახლოეს თვეებში აუცილებლად ვნახავ, მაგრამ ეს ყველაფერი არის ამ არსებული ესკალაციის და იზოლაციის პირობებში, მაგრამ თუ კიდევ უფრო დაგვემატა ან სანქციები, ან ეკონიკური იზოლაცია, ან სხვა პრობლემები ეს კიდევ უფრო გააუარესებს იმ ისედაც მძიმე სცენარს, რაც დღეს ვნახეთ." - ამბობს ჩუგოშვილი.
მისივე თქმით, "რამდენიც არ უნდა ვიშრომოთ [ბიზნესმა], რამდენიც არ უნდა ვემუშაოთ ინვესტორებს, თუ მათ განცდა არ აქვთ, რომ აქ მათი ფული უსაფრთხოდაა, ვერაფერს გააკეთებ, იმიტომ რომ პოლიტიკა ყოველთვის გადაწონის ბიზნესს."
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელი, თემურ ჭყონია, რომელმაც თქვა, რომ "დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, საჭიროა არჩევნები, იმიტომ რომ არ შეიძლება იზოლაციაში ცხოვრება."
"თურმე სანქცია ყოფილა ჯილდო. რაღაც შოუ გამოდის. თუ დავსანქცირდები, ჩემი ჯილდოაო და ჩვენ ამას გავუძლებთო. ჩვენ სხვა შეხედულება გვაქვს, ვინც აქ ვსხედვართ, შენ შეიძლება გაუძლო, მაგრამ გაუძელი სახლში, მეგობრებში... ერთმა დეპუტატმა თქვა, რა მინდა ნიუ-იორკშიო, ყაზბეგში გადავიღებ სურათებსო, კი ბატონო, მართალი, რა გინდა ნიუ-იორკში, ყაზბეგში მშვენიერი ხედებია და გადაიღე. მე ნიუ-იორკში მინდა ყაზბეგთან ერთად." - თქვა ჭყონიამ სიტყვით გამოსვლისას.





