უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 15 იანვარს, გამთენიისას რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 40-ზე მეტი რაკეტა და 70-ზე მეტი დრონი გაუშვა. მისი თქმით, მასიური თავდასხმის სამიზნე ენერგეტიკული სექტორი იყო.
"კიდევ ერთი მასიური თავდასხმა შუა ზამთარში, კიდევ ერთხელ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება. ამჯერად სამიზნე გაზის ობიექტები და ენერგეტიკულ სისტემები გახდა, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოვრების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის. უკრაინის მიმართულებით 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, მათ შორის, ბალისტიკური, 30-ზე მეტის მოგერიება შევძელით. ასევე, გამოიყენეს 70-ზე მეტი დრონი". - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენების შედეგად, უკრაინამ მასიური თავდასხმის მიუხედავად ელექტროენერგიის მუშაობის შენარჩუნება მოახერხა.
ამავდროულად, ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ლვოვის ოლქის ორ რაიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ დღის განმავლობაში ბრძოლის ველზე საერთო ჯამში 170 შეტაკება დაფიქსირდა, მათგან 70 კი პოკროვსკის ფრონტზე მოხდა.