სლოვაკეთი

სლოვაკეთის ოპოზიცია ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უახლოეს დღეებში გეგმავს

რობერტ ფიცო  
 Alexandros Michailidis / shutterstock

სლოვაკეთის პროდასავლური ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. 

"როდესაც საქმე ეხება ჩვენი სამშობლოს დემოკრატიას, თავისუფლებასა და ევროპულ იდენტობას, მას ყველა ერთად დავიცავთ. არასდროს მივცემთ უფლებას პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს, სლოვაკეთი სადმე მოსკოვისკენ წაიყვანოს. მას ამის მანდატი არ აქვს და ეს სლოვაკეთის მოქალაქეების ინტერესებს ეწინააღმდეგება" – წერია საერთო განცხადებაში.

საგარეო კურსის გარდა, მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის მიზეზებს შორის არის პრობლემები ჯანდაცვის სექტორში და გაზრდილი ფასები.

13 იანვარს, ფიცომ არ გამორიცხა მიმდინარე წლის მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მისი განმარტებით, თუ საპარლამენტო კრიზისის დაძლევა ვერ მოხერხდა, ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია.

"მე მათ ვუთხარი, რომ ან კრიზისი უნდა დაძლიონ, ან მივემართებით ჯოჯოხეთისკენ. თუ სლოვაკეთის ეროვნული პარტია და პარტია ხმა ფუნქციური პარლამენტის ფუნქციურობას ვერ უზრუნველყოფენ, ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქნება.

რატომ უნდა ვიხდიდე მე, როგორც სტაბილური კოალიციური პარტიის ლიდერი ფასს კოალიციის უუნარობისთვის, რომელსაც პარლამენტში კანონის მიღება არ შეუძლია". - თქვა ფიცომ.

საპარლამენტო კრიზისი სლოვაკეთის ეროვნული პარტიის 3 დეპუტატის ფრაქციიდან გასვლამ გამოიწვია. მათ გადაწყვეტილების მიზეზად შიდა დაპირისპირება დაასახელეს. შედეგად, 150 მანდატიან პარლამენტში ფიცოს კოალიცია მხოლოდ 76 მანდატს ფლობს.

 

კომენტარები